რატომ გაუგზავნა საქართველომ სხვადასხვა ქვეყანას როდინი და საცივის რეცეპტი – საგარეო უწყების განმარტება (ფოტოკოლაჟი)

საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საახალწლოდ ქართული როდინი და საცივის რეცეპტი უსახსოვრა – ამის შესახებ „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, სასაჩუქრე პაკეტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ხის როდინია, რომელიც საქართველოში, კერძოდ, ხარაგაულის რაიონში ადგილობრივმა მოსახლეობამ დაამზადა.
„საახალწლო საჩუქარი სპეციალურად დამზადებული ხის როდინისგან და ტრადიციული ქართული საახალწლო კერძის – საცივის ინგრედიენტებისგან შედგება.
სასაჩუქრე პაკეტი ხის გაურანდავ ყუთშია მოთავსებული, რომელსაც ამოტვიფრული აქვს წარწერა: „Made in Georgia“ (დამზადებულია საქართველოში). თავად ყუთი სპილენძისფერ ქაღალდშია შეფუთული და ამოტვიფრულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლოგო.
სპეციალური სასაჩუქრე ხის როდინი, ხარაგაულის რაიონში, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დაამზადეს. უცხოელი სტუმრებისთვის როდინის დამზადებაზე 15 ოჯახი დასაქმდა. ყუთში, როდინთან ერთად ასევე მოთავსებულია, ქართული ორნამენტებით მოქარგულ ტომრებში მოთავსებული სანელებლები და კაკალი. საჩუქარს თან ახლავს ტრადიციული ქართული საახალწლო კერძის – საცივის რეცეპტი. საახალწლო დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია საახალწლო სუფრა. ყველა ქვეყანას აქვს ტრადიციული საახალწლო კერძი. ასეთი კერძი საქართველოსთვის საცივია. სწორედ ქართული სამზარეულოს უძველესი ტრადიციის წარმოჩენის იდეა დაედო საფუძვლად 2015 წლის სასაჩუქრე პაკეტს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საჩუქრების სახით ქართული ტრადიციული ნაწარმის პოპულარიზაციას უკვე მეორე წელია ეწევა.
სასაჩუქრე პაკეტის დატვირთვა შემდეგში მდგომარეობას: მან უნდა წარმოაჩინოს ქართული ტრადიციების, კულტურის, წარმოების მრავალფეროვნება.
პირველად მსგავსი სახის სასაჩუქრე პაკეტი ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გასულ წელს დაიგზავნა. მაშინ ხის ყუთში წარწერით: „Made in Georgia“ მოთავსებული იყო ტრადიციული ქართული ნაწარმი: პატარა ზომის გოდორში ჩაყრილი ქართული ჩაი და თაფლი. ჩაი – როგორც ქართული წარმოების ერთგვარი ტრადიცია და თაფლი, როგორც უძველესი კულტურის პროდუქტი, რომელიც ასევე ფართოდ იწარმოება საქართველოში. სასაჩუქრე პაკეტი ასევე მოიცავდა გია ჯაფარიძის მცირე ზომის სკულპტურას „სიცოცხლის ხე“.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომელიც საახალწლო დღესასწაულს უკავშირდება, მისალოცი ბარათია. 2014 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე დამკვიდრდა მისალოცი ბარათების ერთგვარი ტრადიცია. მას ცნობილი ქართველი ფერმწერები სპეციალურად ხატავენ. წელს მისალოცი ბარათი ლევან ლაღიძემ მოხატა. სწორედ მისი ნაწარმოები „შობა“ იყო 2015 წლის მისალოცი ბარათის მთავარი გაფორმება.
გასულ წელს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის საახალწლო მისალოცი ბარათები მოხატეს ასევე ცნობილმა ქართველმა მხატვრებმა: ზურაბ (პაკო) ნიჟარაძემ და გია მირზაშვილმა“, – განუმარტეს „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

10866740_891292654226562_99028851_n

10922125_891292750893219_2013188292_n

10934271_891292687559892_1764709287_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები