ბათუმში ე.წ. კანონიერი ქურდის ლავასოღლი ბატუმსკის დეიდაშვილი დააკავეს

სამართალდამცველებმა ბათუმში ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, მეტსახელად ლავასოღლის დეიდაშვილი გოჩა კ. დააკავეს. 1990 წელს დაბადებული გოჩა კ. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების და ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ბათუმსა და ქობულეთის რაიონში ერთდროულად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ასევე დაკავებულები არიან 1988 წელს დაბადებული მურმან ვ. და 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ირაკლი ქ.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ირაკლი ქ. და მურმან ვ. იმ დროს დააკავეს, როცა ისინი ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდნენ, ავტომანქანის ჩხრეკისას „ნაგანი“-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი 7 საბრძოლო ვაზნით, კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი 1 მჭიდით და 1 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს, ხოლო გოჩა კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ქარხნული წარმოების რევოლვერი და 5 საბრძოლო ვაზნა.
ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია. ნარკოლოგიური შემოწმებით, ირაკლი ქ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება გოჩა კ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ხოლო მურმან ვ-ს და ირაკლი ქ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. ე.წ. კანონიერი ქურდი ლავასოღლი, უკრაინაში ცხოვრობდა, საიდანაც ის გამოაძევეს. როგორც შსს-ში განმარტავენ, ის საქართველოში არ იმყოფება.

წყარო: “აიპრესი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები