ირაკლი ღარიბაშვილი კონგრესმენ ადამ კინსინგერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონგრესმენ ადამ კინსინგერს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებსა და ამ მიმართულებით საქართველოს ახალი ხელისუფლების ხედვებზე ისაუბრეს. ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით დაინტერესდა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. პრემიერის განმარტებით, სტრატეგიის შედგენამდე საქართველოს მთავრობის თხოვნით საბაზისო კვლევა ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა სამართლებრივ და კონსტიტუციურ რეფორმებსა და ადამიანის უფლებებში თომას ჰამარბერგმა ჩაატარა. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უმცირესობების უფლებებსაც ითვალისწინებს და ამ თემას მთელი თავი ეთმობა.
კონგრესმენ კინსინგერთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე და მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩეველი დავით მაღრაძე დაესწრნენ.