რომან გოცირიძეს ნოდარ ხადურის განცხადება სასაცილოდ მიაჩნია

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება, სადაც ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ისაუბრა. რომან გოცირიძეს ფინანსთა მინისტრის კომენტარი სასაცილოდ მიაჩნია და აცხადებს, რომ ხადურის მხრიდან ეს „თვითაღიარების“ ტოლფასია. „სასცილო კომენტარია. თვითაღიარება!
ბიუჯეტმა მიიღო დაგვიანებული უცხოური სესხი 145 მილიონი დოლარის ოდენობით, მიყიდა ეროვნულ ბანკს. ბიუჯეტმა მიიღო 275 მილიონი ლარი. გაუშვა მიმოქცევაში. გაიზარდა ფულის მასა. ნაწილი ამ ფულისა წავიდა ვალუტის შესასყიდად ბირჟაზე. გაიზარდა დოლარის კურსი, ანუ გაუფასურდა ლარი.
ეროვნულ ბანკს, მართლაც, გაეზარდა უცხოური ვალუტის რეზერვები. შეუძლია ხელახლა გამოიტანოს გასაყიდად და ლარი გაამყაროს. რატომ არ აკეთებს? იმიტომ რომ ნოემბრში დაკარგა რეზერვები და ივსებს. მასაც თავისი გეგმა აქვს. ინახავს უარესის მოლოდინში. თანაც მთავრობამ სესხი აიღო სავალუტო ფონდიდან და ვალდებულია, რეზერვები არ ჩამოცდეს შეთანხმებულ ნიშნულს. ვინ ვერ გაიგო?“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში ეროვნული ბანკის რეზერვები 145 მილიონი დოლარით გაიზარდა. “ფინანსთა სამინისტროს და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან როგორც გასული წლის დეკემბერში, ასევე იანვარში მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა შემცირდა, დეკემბერში 145 მილიონი დოლარით გაიზარდა ეროვნული ბანკის რეზერვი იმის გამო, რომ ბიუჯეტმა მიიღო ეს თანხა დოლარებში”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები