რაზე ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკურ საბჭოში

  ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა. პრემიერმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ხელისუფლების ხედვები და პრიორიტეტები გააცნო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული რეფორმები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ხელისუფლებას ეხმარება, შეინარჩუნოს პოლიტიკური სტაბილურობა, მშვიდობა და სამართლიანობა რეგიონში, განსაკუთრებით იმ საგარეო საფრთხეების და ზეწოლის გათვალისწინებით, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში რეგიონში თვალსაჩინო გახდა. პრემიერმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ დემოკრატიის განმტკიცების მიზნით განახორციელა, მათ შორის კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების გაუმჯობესების, სასამართლო და სისხლის სამართლის სისტემის, ასევე ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პოლიტიკის მიმართულებით. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა სასამართლო სისტემის რეფორმა და განაცხადა, რომ ერთ-ერთი პირველი წინგადადგმული ნაბიჯი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დემოკრატიული წესით არჩევა იყო.
„ახალმა ხელისუფლებამ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის მიზნით ძალისხმევა არ დაიშურა. ჩვენ გავხსენით სასამართლო პროცესი მედიისთვის, ასევე უზრუნველვყოფთ ბრალდებისა და დაცვის მხარეების შეჯიბრებითობას სასამართლოში“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გამოსვლის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხა. გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, სისხლის სამართლის კანონმდებლობა ლიბერალური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხდება. საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, აქტიურად მიმდინარეობს ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები