ამერიკელი სენატორი პრემიერს MAP–ის მინიჭებაში მხარდაჭერას დაჰპირდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ამერიკელი სენატორი ტედ პო საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებაში მხარდაჭერას დაჰპირდა.
სენატორი ტედ პო კონგრესმენ ტერნერთან, კიტინგსა და ენჯელთან ერთად საქართველოს მხარდამჭერი განცხადების ავტორია, რომლითაც კონგრესის წევრებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის მიმართეს და 2014 წლის ლონდონის სამიტზე საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების მხარდაჭერა სთხოვეს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სენატორ პოს ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველოს ძალიან სჭირდება მხარდაჭერა ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ისეთი დასაფასებელი მეგობრებისგან, როგორიც ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები არიან.
მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრეს. პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ქვეყნის მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობენ.
სენატორ ტედ პოსთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები