„მთავრობას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის მოხსენება უნდა აინტერესებდეს“

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მთავრობას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მეთაურის მოხსენება უნდა აინტერესებდეს.

როგორც კვერენჩხილაძემ განაცხადა, არც კონსტიტუციის მოქმედი მოდელით და არც ძველი მოდელების გათვალისწინებით, მთავრობას პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრების პირდაპირი ვალდებულება არ აქვს.

“მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუცია არ აქვს. ქვეყანას აქვს კვლავ 1995 წლის კონსტიტუცია, რომელიც ახალი რედაქციით მოქმედებს. პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრების ვალდებულება, არც კონსტიტუციის წინა რედაქციის შემთხვევაში და არც ახალი რედაქციით, მთავრობას არ აკისრია. რაც შეეხება პარლამენტში მისვლის საკითხს, მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურია, კონსტიტუციურად არის უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის, კონსტიტუციის დაცვის გარანტი, ასევე კონსტიტუციურად გახლავთ სახელმწიფო ორგანოთა ნორმალურად ფუნქციონირების გარანტი; მისი ვალდებულებაა, პარლამენტს წელიწადში ერთხელ წარუდგინოს მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. აღნიშნული მომენტების, პრეზიდენტის კონსტიტუციური სტატუსის და თავად მოხსენების კონსტიტუციური რეგლამენტაციის, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და თანამდებობის პირებს გარკვეული ინსტიტუციური ურთიერთდამოკიდებულება აქვთ, არსებობს ხელისუფლების ერთიანობის პრინციპი. ვთვლი, რომ პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა საკმაოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მთავრობას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სახელმწიფოს მეთაურის მოხსენება უნდა აინტერესებდეს”, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროდ არ მიიჩნევს, პარლამენტში პრეზიდენტის სიმბოლურ გამოსვლას მინისტრებიც დაესწრონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები