10 000 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდება

იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 6 სამუშაო ჯგუფი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დევნილთა საცხოვრებელ ობიექტებს შეისწავლის.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი წყნეთში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა, რომლებსაც პროექტის ფარგლებში მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები დაუკანონდებათ. საწყის ეტაპზე წყნეთში სამი კორპუსის დაკანონდება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროექტი პირველი ნოემბრიდან დაიწყო და 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
პროექტის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში სამინისტროს თანამშრომლებმა 857 ობიექტი შეისწავლეს, სადაც 12 063 ოჯახი ცხოვრობს.
შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები დაახლოებით 10 000 დევნილ ოჯახს დაუკანონდება.
დარჩენილმა ოჯახებმა ფართების დაკანონებაზე უარი განაცხადეს და ისინი ბინებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ.
ამ ეტაპზე საქართველოს ყველა რეგიონში პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო, რაც გულისხმობს დევნილთა საცხოვრებელი ფართების აზომვას და ოჯახების აღწერას, რის შემდეგაც მიღებული მონაცემები დამუშავდება და კომისია გაეცნობა. კომისიის გადაწყვეტილებით, დამუშავებული სიები დასამტკიცებლად მთავრობას გაეგზავნება. მთავრობის განკარგულების საფუძველზე, დევნილი ოჯახების საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები