„თუ სად წავა და როდის, საქართველოს მოქალაქე საკუთარ არჩევანში თავისუფალია“

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია აბსურდულს უწოდებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებებში მონაწილეობა დასჯადი ქმედება უნდა გახდეს.
როგორც „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, თუ სად წავა და როდის, საქართველოს მოქალაქე საკუთარ არჩევანში თავისუფალია.
“საქართველოს მოქალაქე თავის არჩევანში თავისუფალია, სადაც არ უნდა წავიდეს და რაც არ უნდა გააკეთოს. ეს უკრაინაში იქნება საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, თუ სირიაში იქნება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ეს მათი არჩევანია, ვინც ამას აკეთებს. თუ საქართველოს მოქალაქე დანაშაულებრივ გზას ადგას და ქვეყანას საფრთხეს უქმნის, მან პასუხი უნდა აგოს საქართველოს კანონმდებლობით. მაგალითად, როგორც საქართველოს მოქალაქემ, რომელმაც სირიიდან განცხადება გააკეთა და საქართველოს მთავრობას დაემუქრა. მივესალმები, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, გამოძიება დაიწყო და მასზე ძებნა უნდა გამოცხადდეს. ეს ჩვეულებრვი მომენტია, მაგრამ შეზღუდვა იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა ქვეყანაში რას აკეთებ, შეუძლებელია“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.
მისივე თქმით, პანკისის ხეობიდან მებრძოლების გადინების პრობლემა არა კანონმდებლობით, არამედ ოპერატიული საქმიანობით უნდა დარეგულირდეს.
„ძალიან მარტივად შემიძლია შევადარო ორი მომენტი: პანკისის ხეობაში არსებული ვითარება შევარდნაძის და სააკაშვილის პერიოდში. იცით თქვენ, რომ სააკაშვილის პერიოდში რეალურად იქ ქმედებები არ ხორციელდებოდა. იცით, რატომ? იქ ოპერატიული მუშაობა წარმოებდა. ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ოპერატიული მუშაობის წარმოება სჭირდება. თქვენ როგორ გგონიათ, თუ კანონს მიიღებენ, ეს რამეს შეაჩერებს? არაფერს არ შეაჩერებს. პირიქით, ისინი აქედან მიდიან იმის გამო, რომ აქ სამუშაო არ აქვთ და სირიაში ფაქტობრივად დაქირავებული “ბოევიკები” ხდებიან. ეს პრობლემაა პანკისში. თუ ჩვენ პანკისში ოპერატიულ ღონისძიებებს გავატარებთ, ინვესტირებას მოვახდენთ, დასაქმების კუთხით რაღაცას გავაკეთებთ და ახალგაზრდობას პერსპექტივებს შევუქმნით, არავინ საომრად არ წავა. ეს პრინციპული საკითხია და ამას კანონით ვერ დაარეგულირებ. როგორ გგონიათ, ადამიანი, რომელიც იარაღს იღებს და მეორე ადამიანის მოსაკლავად მიდის, მნიშვნელობა არ აქვს, ეს რა მოტივით ხდება, მას კანონი შეაჩერებს? მე ასე არ მგონია“, – აღნიშნა დავითაიამ.
საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა, წვრთნა ან მოწოდება თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ქმედება იქნება. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ქრონიკის” პირდაპირ ეთერში განმარტა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებული შესაბამისი ცვლილება, უკანონო ფორმირებებში მონაწილეობის შემთხვევაში ეხება როგორც სირიასა და ერაყში, ისე უკრაინაში მებრძოლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები