თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს ტროტუარებზე პარკირების პრობლემის მოგვარება დაავალა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შესაბამის სამსახურებს ვიწრო ტროტუარებზე ავტომობილების პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება დაავალა.
როგორც ნარმანიამ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მოქალაქეები მერიას აღნიშნული პრობლემით ხშირად მიმართავენ და აცხადებენ, რომ დისკომფორტი ექმნებათ.
როგორც დავით ნარმანია აცხადებს, წინა მთავრობის მიერ დაახლოებით 2 000-მდე ადგილზეა ნებართვა გაცემული, სადაც ტროტუარზე პარკირება ნებადართულია.
„ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად მოგვმართავენ მოქალაქეები, რომ ტროტუარებზე ძალიან ხშირია უკანონოდ პარკირებული ავტომანქანები, თუმცა ჩვენი წინამორბედების მიერ დაახლოებით 2 000-მდე ადგილი არის გაცემული ტროტუარებზე, სადაც დახაზულია და ოფიციალურად ნებადართულია პარკირება. ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელებზე უპირატესობა ენიჭებათ ფეხით მოსიარულეებს, ჩვენთან, ჩვენდა სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში სარგებლობენ ავტომობილები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის უწყებებთან ერთად დავიწყოთ აქტიური მუშაობა. პირველ რიგში, წარმომიდგინეთ ინფორმაცია იმ ქუჩების შესახებ, სადაც ვიწროა ადგილები და დამატებით მანქანების პარკირებამ შექმნა დისკომფორტი და სადაც პრაქტიკულად გადაადგილება შეუძლებელია. მეორე მხრივ, წარმომიდგინეთ მზა წინადადებები, როგორ შევზღუდოთ იქ პარკირება და როგორ მივცეთ უფრო თავისუფალი გადაადგილების საშუალება მოქალაქეებს “, – განაცხადა დავით ნარმანიამ.