საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის უკანონო ქმედებების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებების განახლების თაობაზე ღრმა შეშფოთებას გამოხატავს. საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას და შესაბამისი ზომები მიიღოს რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. “ბოლო დღეებში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის რაიონის სოფ. ღოღეთისა და ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ გაგრძელდა მავთულხლართების უკანონო მონტაჟის პროცესი. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ღობეებისა და მავთულხლართების მონტაჟის პროცესი ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებაზე შეჩერებული იყო. სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას. საქართველოს მთავრობა გმობს მსგავს უკანონო ქმედებებს, რაც სავალალოდ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ უფლებებს. სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია საკუთარ სასოფლო – სამეურნეო ნაკვეთებზე საქმიანობის წარმოების, სასაფლაოზე შესვლისა და პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების უფლებას. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში არსებული კრიტიკული მდგომარეობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის აუცილებლობას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას და მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად“, -აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებში.