განიხილავს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო უგულავას სარჩელს, 4 თვეში გადაწყდება
ოთხი თვის ვადაში გადაწყდება, განიხილავს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო გიგი უგულავას სარჩელს. საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მერის უფლებამოსილება შეუჩერდა.
როგორც გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოში, სარჩელის განმწესრიგებელი სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე მოქალაქეებს სამსახურიდან ვეღარ გაათავისუფლებს.
უგულავა საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლი, გარკვეული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, იძლევა ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობას, ხოლო ამავე კოდექსის 160-ე მუხლის I ნაწილის მეორე წინადადება განსაზღვრავს ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შუამდგომლობის წესს.
საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადების მიხედვით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ სახის შუამდგომლობა სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
“მოსარჩელის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლის I ნაწილის მეორე წინადადებით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმების გარეშე, რის გამოც მას წაერთვა შესაძლებლობა დასწრებოდა საქმის განხილვას, წარედგინა საკუთარი მოსაზრებები და ამ გზით დაეცვა საკუთარი უფლებები. სასამართლოსთვის ამგვარი უფლებამოსილების მინიჭება, მოსარჩელის აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის I პუნქტს, ამავე მუხლის III მუხლს და 39-ე მუხლს. მოსარჩელე გიორგი უგულავა მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების მოქმედებამ შესაძლოა მის უფლებებს მიაყენოს გამოუსწორებელი ზიანი და შესაბამისად, შუამდგომლობს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება”, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.