პლასტიკური „აგრო ბარათების“ დარიგება დაიწყო

      „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, პლასტიკური „აგრო ბარათების“ დარიგება დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში ფერმერებს პლასტიკური „აგრო ბარათებიც“ ურიგდებათ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშილი და „ლიბერთი“ ბანკის გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე დღეს კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავის „ლიბერთი“ ბანკის ფილიალში „აგრო ბარათების“ დარიგების პროცესს გაეცნენ და ადგილზე მისულ ფერმერებს შეხვდნენ.
„აგრო ბარათების“ დარიგება აღმოსავლეთ საქართველოში 17 თებერვლიდან დაიწყო და ფერმერებს „ლიბერთი„ ბანკის ფილიალებში პლასტიკური ბარათის აღება ექვსი თვის განმავლობაში შეეძლებათ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით, წელს კახეთის რეგიონის 98139 ფერმერი ისარგებლებს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო, ხვნის ბარათი 72266 ბენეფიციარს დაურიგდა (ერთ ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით). აგრო ბარათზე დარიცხული იქნება 50 ლარის შესაბამისი 50 ქულა (1 ლარი 1 ქულა). „აგრო ბარათი“ ფერმერს ურთიერთობას გაუმარტივებს სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებელ მაღაზიებთან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქტის (სასუქი, სათესლე მასა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მაღაზიაში შეძენის შესაძლებლობა ექნება.
„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს. პროგრამას სახელმწიფო ბიუჯეტი, ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აფინანსებს. „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშოების ხელშეწყობის პროექტი“ თებერვალში დაიწყო და აგვისტოში დასრულდება. პროექტით წელს, დაახლოებით, 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები