“თავისუფალი თაობა” ხვალ საპროტესტო აქციას აღარ გამართავს – “ანგარიშს ვუწევთ საპატრიარქოს პოზიციას“
მოძრაობა “თავისუფალი თაობა” ორგანიზაცია “იდენტობას” ოფისთან ხვალ საპროტესტო აქციას აღარ გამართავს, – ამის შესახებ “თავისუფალი თაობის” თავმჯდომარე ლადო სადღობელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. სადღობელაშვილი აქციის გადადების მიზეზად საპატრიარქოს დღევანდელ მოწოდებას ასახელებს.
როგორც სადღობელაშვილი განმარტავს, მისი მოძრაობა და მათი ათასობით მხარდამჭერი დღეს ანგარიშს უწევს საპატრიარქოს პოზიციას, მაგრამ აღვირახსნილი და შეურაცხმყოფელი ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში პირობას დებს, რომ დაიცავს რელიგიურ ღირებულებებს და არ მისცემს საშუალებას ათეისტ-ბოლშევიკებს, დაჩაგრონ ქრისტიანული მრწამსის მორწმუნე ადამიანები.
“ქართვენო და არაქართველნო, რომლებიც სამართლიანად აღგაშფოთათ იმ გაუგონარმა სიბინძურემ და აღვირახსნილობამ რომელიც ჩვენი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ იღვრება “ნაციონალური მოძრაობისგან“ კონტროლირებადი არასამთავრობოების მხრიდან…
როგორც ცნობილია ხვალ დაგეგმილი იყო გამაფრთხილებელი, მშვიდობიანი აქცია მართლმადიდებელთა უფლებების შელახვის საწინააღმდეგოდ. 2 დღეა ჩვენს ოფისში არ წყდება სატელეფონო ზარი და ვიზიტები, ათიათასობით გულანთებული პატრიოტი გამოხატავს მზადყოფნას დადგეს იქ სადაც ეკლესიას, სარწმუნოებას და პატრიარქს დაჭირდება, ხვალინდელი აქციისთვის ველოდით რამდენიმე ათეულ ათასობით ადამიანს, რომლებიც ყველას დაანახებდნენ რომ ჩვენი სიწმინდეების შეურაცხყოფა არავის ეპატიება. არ არსებობს ქვეყნად ძალა, რომელიც შეძლებს ქართველთა რწმენის შერყევას და მის შებღალვას. ჩვენ მზად ვართ და ვიქნებით იმ ფუძემდებლური პრინციპების დასაცავად, რომელიც ქმნის ქართულ საზელმწიფოებრიობას. დღეს საღამოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დიდი მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს, რომლებიც მზად არიან დაიცვან თავიანთი სარწმუნოება შეურაცხყოფისგან და მოგვიწოდა რომ თავი აგვერიდებინა მოსალოდნელი პროვოკაციისგან, რომელიც ნაციონალური მოძრაობისა და მისი ფილიალის “იდენტობისაგან ” იგეგმება. საპატრიარქოს განცხადებაში და პატრიარქის პოზიციაში კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა ის ქრისტიანული შენდობისა და სიკეთის პოზიცია, რომელსაც განუხრელად, მუდამ იცავდა ჩვენი ეკლესია. მიუხედავად გაუგონარი შეურაცხყოფებისა და ცილისწამებისა პატრიარქი დიდსულოვნად შეუნდობს გზასაცდენილ შვილებს და იმ იმედით რომ ისინი სინანულში ჩავარდებიან მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ ძალადობისგან. მართალია ნაკლებად გვჯერავს რომ 30 ვერცხლად გაყიდული უზნეო მანქურთები გონს მოეგებიან, მაგრამ იძულებულნი ვართ დავემორჩილოთ ჩვენი სულიერი მამის მოწოდებას და ხვალ დაანონსებულ აქციას დროებით გადადებულად ვაცხადებთ.
გვინდა დიდი მადლობა ვუთხრათ იმ ათასობით გულანთებულ პატრიოტს, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა მონაწილეობა მიეღო ჩვენს მშვიდობიან პროტესტში. ვფიქრობთ რომ საქართველოს მტრების წინააღმდეგ საბრძოლველი ბევრი მოგვიწევს და ჩვენი ერთად ყოფნით ყოველთვის დავამარცხებთ ფულზე გაყიდულ ბოლშევიკების სულიერ შვილებს. ამავე დროს გვინდა მოვუწოდოთ სახალხო დამცველს, რომ ნუ იმყოფება ნეობოლშევიკების ტყვეობაში და ნუ არის ერთი მუჭა ანგაჟირებული ე.წ. არასამთავრობოების ტყვეობაში, გაახილოს თვალი და ისევე დაიცვას ჩვენი უფლებები როგორც ეს მას კონსტიტუციით ევალება, თორემ შორს არაა ის დღე როდესაც ისიც მიიღებს ადექვატურ პასუხს თავისი ქმედებების გამო. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია როგორც მღვდლის ასევე რაბინის , მოლას ან ნებისმიერი სხვა კონფესიის წარმომადგენელთა შეურაცხყოფა და რელიგიური ტოლერანტობა არის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი პრინციპი. მებრძოლი ათეისტები, ბოლშევიკების სულიერი შვილები, რომელთა ერთგვარ ბელადად ქცეულა გიგა ბოკერია და ნაციონალური მოძრობა ვერასოდეს მიაღწევენ საწადელს.
დღეს ანგარიშს ვუწევთ საპატრიარქოს პოზიციას, მაგრამ აღვირახსნილი და შეურაცხმყოფელი ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში პირობას ვდებთ, რომ ჩვენი ძალებით დავიცავთ ჩვენს რელიგიურ ღირებულებებს და არ მივცემთ საშუალებას ათეისტ-ბოლშევიკებს დაჩაგრონ ქრისტიანული მრწამსის მორწმუნე ადამიანები. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ წმინდა საქმეში“, -აცხადებს სადღობელაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობა” 17.00 საათზე ორგანიზაცია “იდენტობის” ოფისთან საპროტესტო აქციის გამართვას აპირებდა. საპატრიარქომ კი “თავისუფალ თაობას“ მოუწოდა, ხვალ, “იდენტობას” ოფისთან საპროტესტო აქციის გამართვისგან თავი შეეკავებინა.
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ორგანიზაცია “იდენტობის” მიზანი პროვოკაციაა, რომელსაც საზოგადოება არ უნდა აჰყვეს.