„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მოსახლეობას აფრთხილებს
თბილისში მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს. უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით, კომპანია გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების ბიუროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, თბილისელ აბონენტებს ხელახლა მიმართავს რეკომენდაციით. კერძოდ, კომპანია თბილისელებს სთხოვს, თადარიგი დაიჭირონ და შეფუთონ ან დაათბუნონ თავიანთი კუთვნილი წყალსადენის მიწისზედა ქსელები, რომლითაც მათ ონკანამდე წყალი მიეწოდებათ. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, ასევე თხოვნით მიმართავს აბონენტებს, შეფუთონ ის აღრიცხვის კვანძები, რომელიც დამონტაჟებულია მათ ეზოებსა და ღია ტიპის ნაგებობებში.
“ამით, კომპანიის აბონენტები შეძლებენ თავიდან აიცილონ რიგი პრობლემები და შეფერხებები წყლის მიწოდებაში, რაც შესაძლებელია გამოიწვიოს მილებში წყლის გაყინვამ, მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლამ და ლოკალურმა ავარიულმა დაზიანებამ მომხმარებლის კუთვნილ ქსელზე. მსგავსი ტიპის პრობლემებმა, შესაძლებელია არა მხოლოდ კონკრეტული აბონენტების, არამედ მიმდებარედ მცხოვრები სხვა აბონენეტების წყალმომარაგებაშიც გამოიწვიოს შეფერხებები”, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე განცხადების თანახმად, კომპანიის რეკომენდაცია განსაკუთრებით სასურველია გაითვალისწინოს თბილისის მოსახლეობისა და კომერციული სექტორის იმ ნაწილმა, რომელიც ცხოვრობს ან საქმიანობას ეწევა ისეთ კერძო სახლებში, თბილისურ ეზოებსა და მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში, რომელსაც სასმელი წყალი ღია კომუნიკაციებით მიეწოდება და აღრიცხვის კვანძები დამონტაჟებული აქვს ეზოებსა და ღია ტიპის ნაგებობებში. კომპანიის ინფორმაციით, რეკომენდაციების შესაბამისი ვიზუალური მასალის მოძიება თბილისელებს შეუძლიათ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ვებგვერდზე – www.georgianwater.com da feisbuqis gverdze – Georgian Water and Power – GWP LTD, Official.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა”, ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, თბილისელ აბონენტებს სარეკომენდაციო განცხადებით პირველად ნოემბრის დასაწყისში მიმართა, რის შემდეგაც თბილისის მასშტაბით 5000-ზე მეტ აბონენტს, ინდივიდუალურად, სარეკომენდაციო წერილი გაუგზავნა.
“კომპანიამ ზამთრისთვის მზადება გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და ყველა აუცილებელი ტექნიკური ღონისძიება გაატარა. ამასთან, კომპანიამ მკაცრი კონტროლი დააწესა დედაქალაქის იმ ქუჩებზე, სადაც მოძველებული თუ ამორტიზებული ქსელებია და სადაც არ არის გამორიცხული, ზამთრში მოსალოდნელი ყინვისას თავი იჩინოს ავარიულმა დაზიანებებმა, რომელთა ოპერატიულად ლიკვიდაციას კომპანიის ცხელი ხაზის – 293 11 11, ფეისბუქის გვერდისა და ვებგვერდის ონლაინ-ჩეთის მეშვეობით, საგანგებო რეჟიმში მოემსახურება “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ტექნიკური სამსახურები”, – აცხადებენ კომპანიაში.