დეკლარირების წესის დარღვევის გამო, რამდენიმე ადამიანი დააჯარიმეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, დეკლარირების წესის დარღვევის გამო, რამდენიმე ადამიანი დააჯარიმეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, რუსეთის მოქალაქე ა.ი.-მ საბაჟო – გამშვებ პუნქტზე “ნინოწმინდა” 4250,49 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანა სცადა. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საერთო წონით 101,13 გრამი არადეკლარირებული საქონელი მგზავრის ხელბარგის დათვალიერებისას აღმოაჩინეს. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, პირს, სანქციის სახით 4250,49 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.
მათივე ინფორმაციით, იმავე დღეს, ასევე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, საერთო წონით 182,02 გრამი, აღმოჩნდა საბაჟო პროცედურებისას საქართველოს მოქალაქე ა.მ.-ის ბარგშიც, საბაჟო – გამშვებ პუნქტზე “თბილისის აეროპორტი”. საქართველოს მოქალაქე ა.მ. შეეცადა, კანონის გვერდის ავლით, 5 ცალი საყურე, 4 ცალი ბეჭედი, 26 ცალი კულონი და 45 ცალი ჯვარი შემოეტანა. საქონლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 12143 ლარი. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, პირს, სანქციის სახით, 12143 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.