კეტრინ რეი: ოლანდის განცხადება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების შესახებ, მისი „პირადი მოსაზრებაა“

ევროკომისია არ იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის მოსაზრებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების შესახებ. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის კომისრის ფედერიკა მოგერინის პრესმდივანმა კეტრინ რეიმ გააკეთა.
„ის, რაც ოლანდმა განაცხადა, საფრანგეთის სახელით იყო ნათქვამი. რაც შეეხება ევროკომისიას, გთხოვთ, დეკემბრის სამიტის შედეგებს დაუბრუნდეთ“, – განაცხადა რეიმ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის სამიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ევროკავშირი მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს. ამას უკრაინაში განვითარებული მოვლენები განაპირობებს.
ფრანსუა ოლანდის განცხადებით, რუსეთში ეკონომიკური კრიზისი ევროკავშირს სარგებელს არ მოუტანს და მოსკოვის მიმართ სანქციების დაწესება უნდა შეჩერდეს. აღნიშნულის მთავარ პირობად ოლანდმა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება დაასახელა.
„რუსეთში კრიზისი ევროპას კარგს არაფერს მოუტანს. მე არ გამოვდივარ უარესი პოლიტიკის სასარგებლოდ და მივიჩნევ, რომ ახლა სანქციები უნდა შეწყდეს “, – განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.
ამასთან, ოლანდმა აღნიშნა, რომ სანქციების რეჟიმი ძველ ფორმატში დარჩება, თუ უკრაინის საკითხზე პროგრესი არ შეიმჩნევა. „სანქციები უნდა მოიხსნას, თუ უკრაინის საკითხის მოსაგვარებლდ ნაბიჯები გადაიდგმება. თუ არადა, სანქციები შენარჩუნდება“, – განაცხადა ოლანდმა.
„ბატონ პუტინს აღმოსავლეთ უკრაინის ანექსია არ სურს,- მან ზუსტად ასე მითხრა. ის, რის მიღწევასაც ცდილობს – გავლენის შენარჩუნება და უკრაინის ნატოს ბანაკში გადასვლისგან თავის არიდებაა. მთავარი იდეა საკუთარ საზღვრებთან სამხედროების ყოფნის დაუშვებლობაა“, – განაცხადა ოლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები