ირაკლი კაკაბაძის კრიტიკული პასუხი საკუთარ დას: ეკლესიის მტრები ამაოდ ცდილობენ, პატრიარქი მკაცრ დოგმატიკოსად წარმოსახონ

პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
კაკაბაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ საქართველოს დღევანდელი პატრიარქი ისტორიაში შევა, როგორც მეოცე საუკუნის დასასრულის და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე, რომელმაც ქართველებს და მთლიანად საქართველოს მოსახლეობას სიყვარულის უნარი შეუნარჩუნა.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ეკლესიის მტრები ამაოდ ცდილობენ, რომ პატრიარქი მკაცრ დოგმატიკოსად წარმოსახონ.
“ვულოცავ მთლიანად საქართველოს და ყველა თეისტ ადამიანს ჩვენი საყვარელი კათოლიკოს- პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღეს.
იმიტომ რომ ილია მეორე დღევანდელ საქართველოში არა მარტო უდიდესი რელიგიური მოღვაწეა, არამედ უდიდესი საზოგადოებრივი მოღვაწეა. თუ რამე კარგი შემორჩა ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას ამ საყოველთაო დათითოკაცების და მანიაკალური ეგოიზმის ეპოქაში ბევრი რამ ილია მეორის დამსახურებაა. საქართველოს დღევანდელი პატრიარქი ისტორიაში შევა, როგორც მეოცე საუკუნის დასასრულის და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე, რომელმაც ქართველებს და მთლიანად საქართველოს მოსახლეობას სიყვარულის უნარი შეუნარჩუნა. დღეს ცოტა მაინც თუ გვაქვს ამ სიყვარულის უნარი – ზოგადსაკაცობრიო სიყვარულის უნარი – ეს სწორედ ილია მეორის დამსახურებაა. ტყუილად ცდილობენ ეკლესიის მტრები, რომ პატრიარქი მკაცრ დოგმატიკოსად წარმოსახონ. არა, ეს არ არის მართალი. ამ ადამიანის მთავარი დოგმა ადამიანებს შორის სიყვარულია – რაც არის ღმერთის არსი. მან მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლე შესწირა სწორედ ამ იდეას და ძალიან ბევრიც გააკეთა ამისათვის. ის არც მეცნიერებას და არც ხელოვნებას ხელს არ უშლიდა განვითარებაში – პირიქით, ხელს უწყობდა – და ეს კარგად უწყის ჩვენი საზოგადოების ყველა წევრმა. დიახ, ის ძალიან ჭკვიანი საზოგადო მოღვაწეა – საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკოსზე უფრო წინდახედული და ბრძენი. ამას მე ვთვლი ჩვენს სიმდიდრედ, იმ ეპოქაში, როდესაც პოლიტიკაში მოვიდნენ წუთიერ რეიტინგზე, სიამოვნებაზე, სიმდიდრეზე დახარბებული ადამიანები იშვიათი გამონაკლისის გარდა, როცა საჯარო სფერო მთლიანად კერძო ინტერესებს ემსახურება – ადამიანების ერთადერთი სანუგეშო ადგილი სწორედაც რომ ეკლესია იყო. დიახ, პატრიარქმა ილია მეორემ საკუთარი სიყვარულით უამრავი დაკარგული სული იხსნა სულიერი თუ ფიზიკური სიკვდილისაგან და დროა, რომ ქართველმა ერმა ეს დააფასოს. დიახ, ილია მეორე სიყვარულის პატრიარქია – რომელმაც მთელი სიცოცხლე ამ იდეას მიუძღვნა და ის განუწყვეტელი შურით, ძაგებით, ლანძღვით და ღვარძლით გოლგოთაზე აიყვანეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა. მაგრამ, განა ეს არ არის ქრისტეს გზა?!
დიახ, მე მიყვარს ჩემი პატრიარქი და მეამაყება, რომ მის დროში ვცხოვრობდი. ვიცი, რომ სიამაყე ცოდვაა და აქვე ღმერთს შენდობას ვთხოვ ამისათვის.
მაგრამ აქა ვდგავარ და სხვაგვარად ამ მძალუძს“,-წერს ირაკლი კაკაბაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 82 წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა, ირაკლი კაკაბაძის დამ ნინია კაკაბაძემ პოსტი გამოაქვეყნა. “სამებაში პატრიარქის Birthday party-ია, მგონი, დილიდან გამაყრუეს ზარებმა”, – წერს სოციალურ ქსელში ნინია კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები