რაზე ესაუბრა პრემიერი სენატორ კარლ ლევინს?
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს სენატორ კარლ ლევინს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა კარლ ლევინთან შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზზე ე.წ ბორდერიზაციის პროცესის განახლებაზე ისაუბრა.
“შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობა და ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საკითხი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო აფასებს აშშ-ის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისკენ.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს და სტრატეგიული პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებს. სენატორმა ლევინმა საქართველოს ნატოს 2014 წლის სამიტზე მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალშიც ექნება ამერიკელი სენატორების მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციიის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით“,-აღნიშნულია პრესსამსახურის ინფორმაციაში.
სენატორთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე, მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩეველი დავით მაღრაძე და მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძეც დაესწრნენ.