საქველმოქმედო აქციას შსს-ს მომსახურების სააგენტო შეუერთდა
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარე წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებს ეწვივნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს სხვადასხვა სახის საჩუქარი პირადად გადასცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
სააგენტოს თანამშრომლებმა სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს სურსათი, ტკბილეული, ჰიგიენური ნივთები და წიგნები გადასცეს.
მომსახურების სააგენტო წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებს საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და პირველადი მოხმარების ნივთებით სისტემატურად ეხმარება.