საყოველთაო დაზღვევა ჯანდაცვის სამინისტროს ყველაზე წარმატებულ პროგრამად დასახელდა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, „ექსპოჯორჯიაში“ 2014 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და სამინისტროს რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, უწყების მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის განსაკუთრებით წარმატებული იყო საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტებისთვის შემუშავებული პროგრამა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე გაკეთებული სწორი აქცენტები, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება სოფლებში.
”ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებს შორის ერთ-ერთი მთავარი იყო საყოველთაო დაზღვევის პროგრამა. ეს იყო ყველაზე მაშტაბური, რადგან მან მოიცვა საქართველოს მოსახლეობის ნახევარი. ამ ადამიანების უმეტესობა მანამდე ვერ სარგებლობდა დაზღვევით. ბიუჯეტის მხრივაც ეს ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი იყო”,- განაცხადა სერგეენკომ.
წლის შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეც. მან განაცხადა, რომ დღეს ჯანდაცვის სფეროში მდგომაროება გაცილებით უკეთესია, ვიდრე ეს იყო ორი წლის წინ.
„ქუჩაში ადამიანები აღარ იღუპებიან.თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე კი პასუხისმგებლობა აიღო სახელმწიფომ. სოციალური პროგრამების ხარჯზე ამ კუთხით მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ეს იყო ორი წლის წინ, თუმცა სამუშაო ახლაც ძალიან ბევრია”, – განაცხადა ხუნდაძემ.
შეხვედრას დაესწრნენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და სხვადასხვა კლინიკის მედიკოსები. მოწვეულ სტუმრებს შორის ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილიც იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები