ჩეხეთის ელჩმა თამარ ბერუჩაშვილს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა

ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა ტომაშ პერნიცკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თამარ ბერუჩაშვილს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რწმუნებათა სიგელის ასლის გადაცემის შემდეგ, გაიმართა შეხვედრა, რომლის დროსაც საქართველოსა და ჩეხეთის, ასევე „ვიშეგრადის ოთხეულთან“ (პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთი) თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა 2009 წლის “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დამფუძნებელი სამიტის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით პრაღაში დაგეგმილ ღონისძიებაში საქართველოს მაღალ დონეზე მონაწილეობას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩეხეთის ელჩმა გამოხატა მზადყოფნა ხელი შეუწყოს საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჩეხეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. შეხვედრის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები