კურორტ წყალტუბოს მშენებლობა-რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მოინახულა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ერთდროულად რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე მიმდინარეობს, დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ამაშუკელმა მოინახულა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ხორციელდება კურორტის მართვის ოფისის, წყალტუოს „ცივი“ ტბისა და ცენტრალური პარკის გზების, ბილიკების, სანიაღვრე-სადრენაჟე სისტემების აღდგენა და გარე განათებების მონტაჟი. ასევე, მიმდინარეობს საკრებულოსა და რკინიგზის შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები, საფეხმავლო ხიდების, წყალტუბოს გამგეობისა და თეატრის შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
აღნიშნულ სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს, რომლის ღირებულებაც 37 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. მშენებლობაზე 170 ადამიანია დასაქმებული. სამუშაობის დასრულება 2015 წელს იგეგმება.