თბილისის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება დილის რვა საათამდე შეუწყდება

  დედაქალაქის რამდენიმე უბანში წყალმომარაგებაა შეწყვეტილი, როგორც კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” განმარტავენ, მიზეზი მეექვსე მაგისტრალურ მილსადენზე გადაუდებელი სამუშაოებია.
კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავარიულად დაზიანდა აღნიშნული მაგისტრალის აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარედ გამავალი მონაკვეთი. ტექნიკური სამუშაოების ჩატარება მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.
გადაუდებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღეს, 28 დეკემბრის 09:30 საათიდან 29 დეკემბრის გამთენიის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ჭავჭავაძის, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების მცირე ნაწილს, ვაჟა–ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და მიკრორაიონებს, ვაკის, საბურთალოსა და მთაწმინდის რაიონების ზოგიერთ ქუჩას და ზაჰესის დასახლების მცირე ნაწილს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით მიიღებს: დიდი დიღმის მასივი, ასათიანისა და ტაშკენტის ქუჩების ნაწილი. წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდსა და ფეისბუქის გვერდზე.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. ჩამოთვლილ ქუჩებსა და დასახლებებს წყალმომარაგება აღუდგებათ 29 დეკემბრის 08:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები