თბილისის მერმა ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა
დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და ნაძალადევის გამგებელი ზაზა გაბუნია თემქის დასახლებაში მდებარე ხანდაზმულთა პანსიონატს ეწვივნენ.
თბილისის მერი პანსიონატის ბენეფიციართა პრობლემებს გაეცნო და მათ დამდეგი 2015 წელი მიულოცა. პანსიონატის ბინადარ ხანდაზმულებს წინასაახალწლოდ საჩუქრად ტკბილეული და ღვინო გადაეცათ.
დავით ნარმანიას თქმით, მისი წინასაარჩევნო დაპირება სრულდება და მოხუცებულთა პანსიონატში მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. უახლოეს პერიოდში დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. მისივე თქმით, პანსიონატის ბენეფიციარები უზრუნველყოფილი იქნებიან აუცილებელი სამედიცინო მომსახურებით.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, პანსიონატის ერთ-ერთი ბენეფიციარი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ნაძალადევის გამგეობის კანცელარიაში დასაქმდება.
დღეისათვის თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში 84 ბენეფიციარი ცხოვრობს.