„ეროვნული ფრონტი“ ანტიმაიდანელობის გამო ბექა ცხადაძეს უპირისპირდება

  ქართველ ნაციონალისტთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნული ფრონტი“ უპირიპირდება ვინმე ბექა ცხადაძეს, რომელიც ინტერნეტ გამოცემებში საავტორო ტექსტებს აქვეყნებს. „ეროვნული ფრონტის“ მტკიცებით, ცხადაძე „თავის ბოდვებში“ ირიბად თავს ესხმის „ეროვნული ფრონტის“ საქმიანობას. არასამთავრობო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ბექა ცხადაძე ასრულებს რუსეთზე ორიენტირებული ძალების დაკვეთას და მათი გავლენის ქვეშ იმყოფება. „ეროვნული ფრონტის“ განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ. „ბოლო დროს რამდენიმე ინტერნეტ გამოცემაში, მათ შორის, რუსეთის იმპერიაზე ორიენტირებულ გამოცემებში, ვრცელდება ვინმე ბექა ცხადაძის ე.წ. საავტორო ბოდვები უკრაინული ნაციონალისტური გაერთიანება „უნა-უნსოს“ და მათი ქართველი მხარდამჭერების ცილისწამების და დისკრედიტაციის მიზნით. იგი თავის ბოდვებში ირიბად თავს ესხმის ქართველ ნაციონალისტთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნული ფრონტის“ საქმიანობას, რომელმაც ღია მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელი ნაციონალისტების ბრძოლას თავისუფლებისთვის.
არსება, ვისი ინტელექტის დონეც ნულს ქვემოთაა და არანაირი წარმოდგენა არ აქვს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, ეწევა ქართული და უკრაინული ნაციონალისტური იდეის დისკრედიტაციას. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის ასრულებს რუსეთზე ორიენტირებული ძალების დაკვეთას და იმყოფება მათი გავლენის ქვეშ. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი მისი საახლობლო წრე და გარემოცვა და მისი სავარაუდო დამკვეთებიც, თუმცა, გარკვეულ ზღვრამდე თავს შევიკავებთ მათი დასახელებისგან.
ამ არსების რიტორიკაში შეიმჩნევა დიდი გულისტკივილი რუსეთის ინტერესების მარცხის გამო და რაღა თქმა უნდა, ის თავს ესხმის სწორედ იმ ძალებს, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს იანუკოვიჩის პრორუსული რეჟიმის დამარცხების საქმეში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არსება საერთოდ ვერ ერკვევა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებში და, ზოგიერთ შემთხვევაში, გამიზნულად ცდილობს მოვლენების დამახინჯებას. კერძოდ, უკრაინის სახალხო-ეროვნული რევოლუციის საქმეში მთავარი როლი შეასრულა უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობების კოალიაციამ „მემარჯვენე სექტორმა“, რომელიც უშუალოდ რევოლუციის პროცესში ჩამოყალიბდა. იგი აერთიანებს „უნა-უნსოს“, „თეთრ ჩაქუჩს“, „ტრიზუბს“ და სხვა ნაციონალისტურ დაჯგუფებებს. სწორედ „მემარჯვენე სექტორი“ და უკრაინელი ნაციონალისტები გახლავთ იმის გარანტი, რომ უკრაინაში ვერ გაბატონდება ულტალიბერალების რეჟიმი და მათი ფასეულობები. სწორედ, მათი ძალისხმევით უკრაინის რადამ გააუქმა კანონი რეგიონული ენების შესახებ. ვინმე ბექა ცხადაძე კი სწორედ ამ ძალების დისკრედიტაციით არის დაკავებული. მაგრამ როგორც იტყვიან „შიშს დიდი თვალები აქვსო“…ის „უნა-უნსოს“ ადანაშაულებს კიევში საკუთარივე მებრძოლების ჩაცხრილვაში. ეს უკვე არის სისხლის სამართლის დანაშაული, როცა ორგანიზაციას ბრალს სდებ ადამიანების, მით უფრო, საკუთარი მებრძოლების მკვლელობაში, ორგანიზაციას, რომელიც ქართველების მხარდამხარ იბრძოდა აფხაზეთში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ კიევში „მემარჯვენე სექტორის“ აქტივისტებს ცეცხლი გაუხსნეს ყირიმის უშიშროების სპეცდანიშნულების რაზმის „ალფას“ მებრძოლებმა და ამის დამადასტურებელი შესაბამისი მასალაც მოიპოვება,” – აღნიშნულია „ეროვნული ფორნტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები