„ემპათია“ საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტთა ჯგუფის დატოვების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტთა ჯგუფის პროტესტის ნიშნად დატოვების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაცია „ემპათია“ სხვა ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტთა ჯგუფი დატოვა და განმარტებებს აკეთებს.

„წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ – ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოვლენა, დოკუმენტირება, მსხვერპლთა რეაბილიტაცია, დაუსჯელობასთან ბრძოლა და ზოგადად, წამების პრევენცია. აღნიშნული ცენტრი წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ ექსპერტულ ორგანიზაციას მოცემულ სფეროში. ცენტრი „ემპათია“ -ს 6 ექსპერტი არის საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტი, თუმცა, აღნიშნული მექანიზმის საქმიანობის ბოლო ერთწლიანი დაკვირვების შედეგად, ექპერტთა ჯგუფი ტოვებს საქართველოს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს შემდეგი გარემოებების გამო:

1. საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის ხელმძღვანელის ნიკა კვარაცხელიას განცხადებით: საქართველოს ეროვნული პრევენციული ჯგუფის საქმიანობაში აღარ შედის წამებისა და ღირსების შემლახავი ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, მათი საქმიანობა ატარებს ეგრეთ წოდებულ „პრევენციულ“ ხასიათს.

2. შესაბამისად, ექსპერტთა ჯგუფისათვის გაუგებარია, თუ რა ურთიერთმიმართებაში იმყოფება ქართული „პრევენცია“ და ეროვნული პრევენციული ჯგუფი წამების ფაქტების დოკუმენტირების საერთაშორისო სტანდარტთან _ „სტამბოლის პროტოკოლთან“.

3. აღნიშნული საკითხის გარკვევა ექსპერთა ჯგუფმა ვცადეთ 2014 წლის 22 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან ეროვნული პრევენციული ჯგუფის შეხვედრაზე, თუმცა, უშედეგოდ. სამწუხაროდ, შეხვედრა შედგა, რბილად რომ ვთქვათ, საბჭოთა სულისკვეთების ატმოსფეროში, სადაც ექსპერტებს ფრიად აგრესიული ქცევით მოუწოდეს სრული და საყოველთაო მორჩილებისაკენ.

4. სახალხო დამცველის აგრესიული ქცევა მოჰყვა ცენტრი „ემპათია“ -ს პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებას 2014 წლის 12 ნოემბერს ს.ა.დ. – ის N8 დაწესებულებაში მომხდარი პატიმართა წამების ფაქტის შესახებ, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა გაახმიანა მხოლოდ 2014 წლის 19 ნოემბერს.

5. შესაბამისად, ვთვლით რა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის და ეროვნული პრევენციული ჯგუფის საქმიანობა არ შეესაბამება OP CAT – ის საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს, ასევე ვთვლით რა, რომ ექსპერტთა ჯგუფისათვის მიუღებელია სახალხო დამცველის მიერ „აზრთა“ კონტროლის მოთხოვნა, ხოლო ექსპერტთა მიმართ განხორციელებული აგრესიული, კონტროლ – დაკარგული ქცევა, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურია და გვახსენებს საბჭოთა კომკავშირულ – პარტიულ ნომენკლატურულ მიდგომებს, ჩვენ , ექსპერტთა ჯგუფი, შემდეგი შემადგენლობით: მარიამ ჯიშკარიანი, ექსპერტი ფსიქიატრი, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ -ს პრეზიდენტი, შორენა ბექაური – ექსპერტი ფსიქიატრი, იმავე ცენტრის გამგეობის წევრი, თამარ ნიორაძე, იმავე ცენტრის ექსპერტი ნევროლოგი, გელა მენთეშაშვილი იმავე ცენტრის ექსპერტი ნეიროქირურგი, იოსებ ხატიაშვილი, იმავე ცენტრის ექსპერტი – იურისტი, კახაბერ მიქაძე – იმავე ცენტრის ექსპერტი ფსიქოლოგი, პროტესტის ნიშნად ვტოვებთ საქართველოს სახალხო დამცველის ეროვნული პრევენციული ჯგუფის შემადგენლობას. ამავდროულად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მსჯელობა ლუსტრაციის კანონის შესახებ, რათა საქართველოს მოსახლეობისათვის ცხადი გახდეს, თუ ვინ ვინ არის; ასევე, დაიწყოს მსჯელობა აღნიშნული მექანიზმის საქმიანობის შესაბამისობაზე საერთაშორისო სტანდარტებთან.

ქვევით იხილეთ მარიამ ჯიშკარიანის 20.11.2014 წლის განცხადების სრული ტექსტი: რასაც შემდგომში მოჰყვა ექსპერტთა „დატუქსვის მცდელობა“ საქართველოს სახალხო დამცველის მხრიდან:

ცენტრი „ემპათია“ – ს პრეზიდენტის საგანგებო განცხადება საქართველოში წამების პრაქტიკისა და დაუსჯელობის შესახებ

2014 წლის 19 ნოემბერს სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა პრეს-რელიზი, რომლითაც ცხადი გახდა, რომ სად-ის N8 დაწესებულებაში 2014 წლის 12 ნოემბერს ადგილი ჰქონდა პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს, რომელსაც შეესწრნენ სახალხო დამცველის რწმუნებულები.

აღნიშნული ფაქტი მდგომარეობდა შემდეგში: „ორივე დაკავებული სველი ტანსაცმლით იწვნენ იატაკზე. მ.უ.-ს ხელ–ფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული. ორივე პატიმარს გარეგნულად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, მათ შორის, სახეზე. მ.უ.-ს შუბლის არეში ჰქონდა ნაკვეთი ჭრილობა, საიდანაც მოსდიოდა სისხლი, ასევე, სხვა მრავლობითი დაზიანებები, ხოლო მ.ფ.-ს მარჯვენა თვალში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა“. იმავე განცხადების თანახმად, ამ მდგომარეობაში პატიმრები იმყოფებოდნენ ეგრეთ წოდებულ „საშხაპე ოთახში“, ასევე „დერეფანში შეინიშნებოდა სისხლის ლაქა“.

სამწუხაროდ, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, შეფასდა, მხოლოდ როგორც „შესაძლო არასათანადო მოპყრობა“, რაც არ შეესაბამება გაეროს კონვენციას ,,წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ .

საგანგაშოდ მიგვაჩნია ის გარემოებაც, რომ მომხდარ ფაქტზე სათანადო რეაგირება არ მომხდარა და მხოლოდ დაგვიანებით დაიწყო არაეფექტური გამოძიება, რაც ასევე არ შეესაბამება გაეროს იმავე კონვენციის მე–12, მე–13 მუხლებით განსაზღვრული სწრაფი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ვალდებულებას.

ასევე მიგვვაჩნია, რომ საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის არსებული პრაქტიკა და ექსპერტთა ფუნქციები შეუსაბამოა „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ“ კონვენციის ფაკულტატურ ოქმთან (OPCAT) და ,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან, განსაკუთრებით კი „სტამბოლის პროტოკოლ“ – თან (წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოყრობისა და დასჯის ეფექტური გამოძიებისა და დოკუმენტირების სახელმძღვანელო) მიმართებაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრი „ემპათია“:

1. მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურორს, გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის, „სტამბოლის პროტოკოლის“ პრინციპების მიხედვით, სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარების მიზნით;

2. მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, „სტამბოლის პროტოკოლის“ პრინციპების შესაბამისად უზრუნველყოს აღნიშნულ პატიმართა განთავსება სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იმავე საერთაშორისო პრინციპების თანახმად, გამოძიების დასრულებამდე შეუჩეროს უფლებამოსილება N8 დაწესებულების ყველა თანამშრომელს, ვინც მონაწილეობდა აღნიშნულ ფაქტში, ან/და ფაქტის დაფარვაში;

3. მოუწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციონირება შესაბამისობაში მოიყვანოს როგორც ,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან, ასევე „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ“ კონვენციის ფაკულტატურ ოქმთან (OPCAT). აგრეთვე, ეფექტურად გამოიყენოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტები წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების საერთაშორისო პრინციპებით დოკუმენტირების საკითხებში;

4. მიმართავს საერთაშორისო და სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირონ არასამთავრობო ორგანიზაციათა ინიციატივას, დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმის შექმნის თაობაზე;

5. მიმართავს გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის (SPT) თავმჯდომარეს, მეტი გარკვეულობა იქნას შეტანილი OPCAT – ისა და ,,სტამბოლის პროტოკოლის“ ურთიერთმიმართების საკითხში;

6. მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გადაიხედოს პატიმრობის კოდექსში 2014 წლის 1 აგვისტოდან შეტანილი ცვლილება, ეგრეთ წოდებული „სპეციალური საშუალებების გამოყენების“ შესახებ, მიგვაჩნია რა, რომ აღნიშნული „საშუალებების“, კერძოდ „ჯაჭვის“ გამოყენება „წარმატებით“ დაიწყო სასჯელაღსრულების სისტემამ.

აღნიშნულ საკითხებზე ცენტრი „ემპათია“ წერილობით მიმართავს თითოეულ ადრესატს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები