თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს: არავინ იყო ცოცხალი და საკუთარი ვებგვერდის წამკითხავი?

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერისთვის თინა ხიდაშელისთვის არადამაჯერებელია თავდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ უწყების მიერ 20 დეკემბერს გავრცელებული განცხადების ტექსტი ტექნიკური მიზეზების გამო უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
როგორც დეპუტატი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე უარესი ის არის, რომ “მდუმარენი და დამალულნი პრემიერის განცხადების შემდეგ აჟღურტულდნენ”.
“მგონი, ჯადო გაუკეთეს, “ტექნიკური შეცდომა”? 24 საათი არავინ იყო ცოცხალი და საკუთარი ვებგვერდის წამკითხავი? ასეულობით კომენტარსაც ის ადამიანი შლიდა, ვინც ეს განცხადება დაწერა, არ ჩათვალა საჭიროდ მისი ვინმესთვის ჩვენება, გააქანა და პირდაპირ ვებგვერდზე გამოკიდა? თავად ვერ მივხვდით, პრემიერმა გიკარნახათ, რა უნდა გაგეკეთებინათ და არ უთქვამს იმ ადამიანს, რომ ბოდიში პირობით მოიხადეთ, თან ტექნიკური შეცდომა დაარქვითო?! როგორც ჩანს, თავად არ გაწუხებთ საკუთარი განცხადება და იქნებ პრემიერს მაინც დაუჯეროთ, ზუსტი მითითება მოგცათ, როგორ უნდა მოქცეულიყავით, თუმცა ახლა უკვე გვიანია, კიდევ რამე ახალი განცხადება უკვე ხიფათის უფრო მაღალ განზომილებაშია”, – წერს ხიდაშელი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შაბათს გავრცელებული განცხადება ოფიციალური ვებგვერდიდან წაშალა.
განცხადების მიხედვით, სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლებას დააკისრა.
32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები