თავდაცვის სამინისტროსთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

თავდაცვის სამინისტროსთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები უკრაინაში ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას გააპროტესტებენ. ისინი მინისტრ მინდია ჯანელიძის გადადგომას მოითხოვენ. აქცია სოციალურ ქსელში დაანონსდა.
“თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური პოზიცია უკრაინაში მებრძოლ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტერესებისთვის სამარცხვინოა და საფრთხის შემცველი.
მსგავსი განცხადებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას. სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება კი ნათლად მიუთითებს უწყების პოლიტიზირებულობაზე, რომელიც ალექსანდრეს გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლებას აკისრებს. უკრაინაში მებრძოლი ქართველები მოხალისედ ეწერებიან და უკრაინის თავისუფლებასთან ერთად იცავენ საკუთარი სამშობლოს ინტერესებს. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომის დროს საქართველოს მხარეს რამდენიმე ასეული უკრაინელი იბრძოდა, რომელთაგან 14 ვახტანგ გორგასლის მედლითაა დაჯილდოებული. თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადება არის ღირსების შემლახავი თითოეული უკრაინაში მებრძოლისთვის, თითოეული ქართველი მებრძოლისთვის, თითოეული სამოქალაქო პირისთვის. აუცილებელია, თავდაცვის სამინისტრომ მოიხადოს ბოდიში და დადგეს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, დაუყოვნებლივ გადადგეს მინდია ჯანელიძე”, – აღნიშნულია აქციის საორგანიზაციო ჯგუფის ფეისბუქის გვერდზე.
თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.
“გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები