2015 წლის იანვარში თბილისს ესტონეთის პრემიერ–მინისტრი ეწვევა

2015 წლის იანვარში თბილისს ესტონეთის პრემიერ–მინისტრი ეწვევა.
ვიზიტის დეტალები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ქეით პენტუს-როსიმანუსის შეხვედრაზე განიხილეს.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს და საქართველოსა და ესტონეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების პერსპექტივები დასახეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებთან დაკავშირებულ საკითხებს.
ქეით პენტუს-როსიმანუსმა ირაკლი ღარიბაშვილს ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მიულოცა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
ასევე, კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ქართულ–ესტონური თანამშრომლობის შედეგად შექმნილმა ფილმმა – „მანდარინები“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და იგი ესტონეთის მიერ „ოსკარის“ ნომინაციაზეა წარდგენილი.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზიტისთვის და მას ესტონეთის განსაკუთრებული მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამომხატველი უწოდა. აღინიშნა, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა, ბალტიისა და სკანდინავიის რიგი ქვეყნების შემდეგ, რომელსაც ესტონეთის ახლად დანიშნული მინისტრი ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში ეწვია.
ქეით პენტუს-როსიმანუსი 2014 წლის 17 ნოემბრიდან ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრია. იგი ასევე არის ესტონეთის პარლამენტის უმრავლესობის („რეფორმების პარტია“) ვიცე-თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები