„ზუსტად ვიცი რამდენ გაუგებრობასა და სიბინძურეს მოვისმენთ ჩვენი ოპონენტებისგან“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების პროცესში საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია. ხიდაშელმა საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს მაია ფანჯიკიძეს და ახლანდელ მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს მადლობა გადაუხადა.
„ზუსტად ვიცი რამდენ გაუგებრობასა და სიბინძურეს მოვისმენთ ჩვენი ოპონენტებისგან ხელისუფლების ლანძღვა-გინების ფორმატში. ამიტომ მინდა, ვთქვა თუ რის ფასად დაუჯდა საქართველოს ხელისუფლებას ის, რომ დღეს ამ ხელშეკრულებით ყველა კმაყოფილია და მასზე ყველა თანხმდება. ეს აღარ არის საიდუმლო დოკუმენტი, რატიფიცირებული და დასრულებულია და დღეს უკვე შემიძლია ყველას ვაჩვენო და წავაკითხო ის დებულებები, რომელიც ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ლობირებით ცვლილებების სახით იყო შეთავაზებული. რომლითაც, პრაქტიკულად განულებული იყო ყველაფერი, რაც ასოცირებაში მნიშვნელოვანია. ვიზალიბერალიზაცია პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა, ეს ცვლილებები რომ გასულიყო. იქ პირდაპირ შავით თეთრზე ეწერა, რომ ეს ხელშეკრულება ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე არ მოქმედებს, რომ ეს ხელშეკრულება არ არის გარანტია, რომ სავაჭრო ხელშეკრულების იმპლემენტაცია მოხდება და კიდევ მსგავსი ათეულობით ცვლილება იყო ინიცირებული. ამიტომ გაწეული შრომისთვის მინდა, მადლობა ვუთხრა ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს, ასევე, თამარ ბერუჩაშვილს, მან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ყოფნის დროს უზარმაზარი შრომა ჩადო ამ ხელშეკრულებაში, ის ასოცირების ხელშეკრულების გზაზე ცოცხალი მატიანეა, ასევე ალექსი პეტრიაშვილს, დავით ბაქრაძეს, საქართველოს ყველა ელჩს ბრიუსელში და იმათ, ვინც ამაში წვლილი შეიტანა“, – განაცხადა  ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 მოაწერა. ევროპარლამენტმა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დღეს მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები