თბილისში შესაძლოა, „დაკიდებული“ ტრამვაი გაჩნდეს
თბილისში სატრანსპორტო მოძრაობა შესაძლოა, „დაკიდებული“ ტრანსპორტის საშუალებით განიტვირთოს. ინფორმაციას ვებგვერდი yunitskiy.com ავრცელებს. მასალაში ნათქვამია, რომ კომპანიათა ჯგუფმა SkyWay–მ საქართველოში არსებული პარტნიორების საშუალებით მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის მერია ქალაქის ძირითადი სატრანსპორტო არტერიების განტვირთვის მიზნით „დაკიდებული“ ტრანსპორტის განვითარების შესაძლებლობას განიხილავს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ თბილისში მრავალსაათიანი საცობები სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული. პირველ რიგში, ესაა ქალაქის სპეფიციკური ლანდშაფტი და სტრუქტურა: მთიანი რელიეფი, ვიწრო ქუჩები და სხვა. მეორეს მხრივ, ქალაქში უამრავი ტურისტი ჩადის და ეს პროცესი სულ უფრო აქტიური ხდება. გარდა ამისა, გადატვირთული მოძრაობის შედეგად ქალაქში გამონაბოლქვის მხრივ არსებული მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.
სწორედ ამ ფაქტორებთან დაკავშირებით დადგა ახალი საქალაქო ტრანსპორტის დანერგვის საკითხი. რომელიც, ერთის მხრივ, თბილისის ცენტრს განტვირთავდა ეკოლოგიისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
SkyWay–მ უკვე წარმოადგინა ამ პრობლემის გადაწყვეტის გზა „დაკიდებული“ ტრანსპორტის სახით და საკუთარი ხედვის ვიზუალიზაცია მოახდინა.
დიზაინერების წინაშე რთული ამოცანა იდგა: ორგანულად ჩაეწერათ ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ქალაქის ხედში ისე, რომ არ დაერღვიათ თბილისის ატმოსფერო და იერსახე.
შენობების დიზაინი თბილისის არქიტექტურასთან და მის ბუნებრივ თავისებურებებთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი. მაგალითად, ტრანსპორტის სიმაღლე ლანდშაფტის მიხედვით განისაზღვრება. სადგურების სახურავებზე კი კაფეები და დასვენების „მწვანე ზონები“ განთავსდება.
yunitskiy.com–ის ინფორმაციით, პროექტი ამ ეტაპზე მოლაპარაკებების სტადიაზეა და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
ცნობისთვის: SkyWay მაღალტექნოლოგიური კომპანიების ჯგუფია, რომელიც ლონდონშია დარეგისტრირებული.
პროექტის განხორციელების შესაძლებლობას უკვე განიხილავენ თბილისის მერიაში.
წყარო: “კომერსანტი”