მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ მიხეილ ძაძამიასთვის აღმკვეთი ღონისძიების (პატიმრობის) გიროათი შეცვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებმა მ. ძაძამიამ და კ. ხარშილაძემ გამოიყენეს მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და აირჩიეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის მიერ საქმე სასამართლოში განსახილველად დროულად წარიმართა, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის რთული და ხანგრძლივი პროცესის დაწყების გამო ვერ მოხერხდა საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება. ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის დაწყებას მათი შერჩევის პროცედურა აჭიანურებს. როგორც სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, შერჩევის სხდომაზე ცხადდება კანდიდატთა 40%, რაც ძალზე მწირი რესურსია ობიექტურ მსაჯულთა შესარჩევად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობით საჭირო რაოდენობის ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად სასამართლოს უხდება დამატებით არაერთი შერჩევის სხდომის ჩატარება, რაც დაკავშირებულია დროის დიდ დანახარჯებთან. მ.ძაძამიას და კ.ხარშილაძის ბრალდების საქმე სასამართლოში არსებითად განსახილველად წარიმართა ჯერ კიდევ 2014 წლის 17 სექტემბერს, წინასასამართლო სხდომა გაიმართა 22 სექტემბერს. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ სამი თვე გავიდა, დღეის მდგომარეობით სასამართლოს მიერ შერჩეულია მხოლოდ ერთი ნაფიცი მსაჯული, მაშინ, როდესაც კიდევ ცამეტი მსაჯულია შესარჩევი. ხსენებულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმეზე იწურება ცხრათვიანი საპატიმრო ვადა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულ ძაძამიას მიმართ გამოყენებული იქნა არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიება გირაოს სახით. დღეისათვის ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი გრძელდება, რის შემდეგაც დაიწყება საქმის არსებითი განხილვა“,-აღნიშნულია განცხადებაში.
მიხეილ ძაძამიას ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება. მიხეილ ძაძამიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები