2015 წლიდან სოციალურად დაუცველები გაორმაგებულ ვაუჩერებს მიიღებენ
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ 2015 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და “ნაციონალური მოძრაობის’’ პოზიცია გააკრიტიკა.
დეპუტატმა თბილისელებს მიმართა და განაცხადა, რომ მომავალი წლიდან ყველა სოციალურად დაუცველი გაორმაგებულ ვაუჩერს მიიღებს, სხვა კატეგორიის ადამიანებზე კი ვაუჩერის გაცემა პირველი სამი თვე ძველი წესით მოხდება. რაც შეეხება ახალ წესს, ჯაბა სამუშიას თქმით, ის 2015 წლის დასასრულს ამუშავდება.
კომისიის თავმჯდომარემ მუნიციპალურ ტრანსპორტზეც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღებისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ახალი წლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ პირველად ისარგებლებენ.
მისივე თქმით, არასწორია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბიუჯეტის საბავშვო ბაღების კუთხით კრიტიკაც, რადგან 2015 წლიდან დაგეგმილია 8 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა, ასევე ავარიული შენობების შეკეთება-გამაგრება.
ჯაბა სამუშიამ ფინანსურ დოკუმენტში გათვალისწინებულ კიდევ ერთ მუხლზე ისაუბრა, რომლის თანახმად, ბიუჯეტიდან პროფესიული ცოდნის მიღების მსურველი სტუდენტები დაფინანსდებიან.
„ტყუილია, როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, თითქოს, ეკონომიკური განვითარებისათვის თანხები მცირდება. პირიქით, ამ თანხებს ჩვენ მიზნობრიობა მივეცით და ბიუჯეტში წელს პირველად ჩნდება დეველოპერული კომპანიების წახალისებისთვის თანხა ნახევარი მილიონი ლარის ოდენობოთ“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ და აღნიშნა, რომ მოსახლეობის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, ეკონომიკური საქმიანობისა და ბიზნესის წახალისების კუთხით ჩადებული თანხა, შესაძლოა, წლის მანძილზე კიდევ გაიზარდოს.
ჯაბა სამუშიამ 2015 წლის ბიუჯეტს მოცემული მომენტისთვის ყველაზე სრულყოფილი ფინანსური დოკუმენტი უწოდა და “ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლებს წლების მანძილზე მათ მიერ მოწოდებული და წლევანდელი ბიუჯეტების შედარებისკენ მოუწოდა.