ჩაფიძე უკრაინაში დასაქმებულ ყოფილ ჩინოვნიკებზე: ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო
„უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დასაქმება ორი ქვეყნის ურთიერთობებზე დადებითად არ აისახება“,- აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ელისო ჩაფიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ჩაფიძის თქმით, მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინას წარმატებას მოუტანენ. დეპუტატმა მათი უკრაინაში დასაქმება ცნობილ ქართულ ანდაზასაც შეადარა:
„იმედი მაქვს, რომ ის ადამიანები, რომელთაც საქართველოში ვერ მიაღწიეს წარმატებებს, ვგულისხმობ იგივე ჯანდაცვის სფეროს, სააკაშვილის მოღვაწეობას და ასე შემდეგ, უკრაინაში მაინც შეძლებენ, მნიშვნელოვანი კვალი დაატყონ ქვეყნის განვითარებას, მაგრამ მეეჭვება, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ასეთი ძალაუფლების პირობებში ვერ აღწევენ ქვეყნის განვითარებას, უკრაინისთვის სასარგებლოები იყვნენ. ამათზეა ნათქვამი: ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო. ვნახოთ, ეს ექსპერიმენტი რა შედეგს გამოიღებს“,- განაცხადა ელისო ჩაფიძემ.