საქართველოს საგარეო უწყება თიბილოვის განცხადებას საფრთხის შემცველს უწოდებს

ქართული მხარე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებას შემაშფოთებელსა და საფრთხის შემცველს უწოდებს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, ცხინვალსა და მოსკოვს შორის შესაძლო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით დაწყებულია საერთაშორისო საზოგადოების საქმის კურსში ჩაყენება.
“ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ სრულიად მოსალოდნელი იყო და ამაზე განცხადებები კეთდებოდა, რომ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება აპირებს ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმებას. რა თქმა უნდა, თიბილოვის დღევანდელი განცხადება შემაშფოთებელი და საფრთხის შემცველია. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ, უკვე დაწყებულია ამაზე მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან. ის, რომ მოსალოდნელია და აფხაზეთის მსგავსი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მოსკოვსა და ცხინვალს შორის, ამაზე საუბარი უკვე მიმდინარეობს ჩვენს მეგობრებთან და ყველა ინფორმირებულია. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ იმას, რომ ეს არის დესტრუქციული განცხადება, როგორც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, ასევე რუსეთიდან”, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
მისივე თქმით, საქართველოს რჩება მხოლოდ ერთი ბერკეტი, ის, რომ მოლაპარაკებების შედეგად მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. თიბილოვის განცხადებით, ამ დროისთვის უკვე არსებობს მთელი რიგი წინადადებები მომავალ შეთანხმებასთან დაკავშირებით და ჩატარებულია კონსულტაციები რუს კოლეგებთან, კერძოდ კი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დსთ-ს, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სამმართველოს ხელმძღვანელ,ოლეგ გოვორუნთან.
“გამოვედი ინიციატივით, რომ მომავალ შეთანხმებაში განხილული იყოს სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში პირდაპირი შესვლის შესახებ საკითხი, ვიდრე სხვა ფორმები იქნება შემოთავაზებული. არსებობს ქვეყნების პოლიტიკური თანაარსებობის სხვადასხვა ფორმა. ვფიქრობ, უახლოეს დროში მივიღებთ პასუხს ამ შეთავაზებაზე”, – განაცხადა თიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები