ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური აღორძინება სოფლის მეურნეობის განვითარებით უნდა დაიწყოს – პრემიერი

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, სოფლის მეურნეობა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “რედისონში” განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრებს შალვა ფიფიას და დავით კირვალიძეს მადლობა გადაუხადა და ოთარ დანელიას წარმატებები უსურვა. “საქართველოში სოფლის მეურნეობის უძველესი და მდიდარი ტრადიციები არსებობს. ქართველი გლეხი ყოველთვის გამოირჩეოდა მიწისადმი განსაკუთრებული სიყვარულით და საუკუნეების განმავლობაში თავდადებულად შრომობდა და ქმნიდა დოვლათს. ჩვენ ძალიან დიდი რესურსი გვაქვს იმისათვის, რომ სწორედ ამ დარგმა შეასრულოს უმნიშვნელოვანესი როლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის მიღწევაში“, – განაცხადა პრემიერმა. მისვე თქმით, ამიტომაც სოფლის მეურნეობის განვითარება არის ერთ-ერთი უპირველესი მიმართულება, საიდანაც უნდა დაიწყოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური აღორძინება. “ჩვენი მიზანია, სწორი სახელმწიფო პოლიტიკის საშუალებით მეწარმეები, ფერმერები, გლეხები მყარად დადგნენ ფეხზე და უპასუხონ იმ ახალ ეკონომიკურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას, შეძლონ აწარმოონ ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი და მყარად დაიმკვიდრებს ადგილს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები