სამგორის რაიონის გამგებელი: ჩემი მეუღლე წამყვანი იყო, მაგრამ მას ხელფასი არ აუღია

საკრებულოს მიერ გავრცელებულ ბრალდებას სამგორის რაიონის გამგებელი ეხმაურება. მამუკა ჩოქურის განცხადებით, გამგეობამ 26 ათასი ლარი მიზნობრივად დახარჯა. სამგორის რაიონის გამგებელი დღეს საკრებულოს სარევიზიო კომისიაში მივიდა და დოკუმენტაცია მოითხოვა.
„მოვითხოვე სარევიზიო კომიისის შემოსვლა და დოკუმენტაციის გადამოწმება. უკვე რამდენიმე კვირაა ეს თემა მედიასაშუალებებში ტრიალებს და, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, მოვითხოვე დოკუმენტაცია, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე. აქ იყო რამდენიმე ათეული ადამიანი, ვისაც ამ კომპანიაში ხელფასი უნდა აეღო და იმიტომ არის ეს თანხა უფრო მეტი, ვიდრე სხვაგან, კონკრეტულმა ინდმეწარემემ თავის თავზე აიღო ვალდებულება, რომელიც შეასრულა აბსოლუტურად პირნათლად. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ის იყო წამყვანი, მაგრამ მას ხელფასი არ აუღია“, – აღნიშნა სამგორის რაიონის გამგებელმა.
შეგახსენებთ, რომ სამგორის რაიონში დახარჯული თანხების მიზნობრიობით დედაქალაქის საკრებულოს სარევიზიო კომისია დაინტერესდა. კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ მალაღურაძის განცხადებით, ამ საკითხის შესწავლა სამგორის რაიონის გამგებლის მოთხოვნით დაიწყო. საუბარია 26 ათას ლარზე, რომელიც გამგეობამ „თბილისობის“ დღესასწაულისთვის დახარჯა. სამგორის გამგებელ მამუკა ჩოქურთან დაკავშირებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან სხვადასხვა ღონისძიების მოწყობის მიზნით პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა საკუთარი მეუღლის ბიზნესპარტნიორ კომპანიასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები