„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში პოლიგრაფიული საწარმო გაფართოვდება

მეწარმეობის განვითარების სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში შპს „სეზანთან” ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულების მიხედვით პოლიგრაფიული საწარმოს გადაიარაღება/გაფართოება მოხდება.
კომპანიაზე 1300 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხის გაცემა უზრუნველყო სს “თი ბი სი ბანკმა”, ხოლო საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო პირველი ორი წლის განმავლობაში, სესხის მთლიანი, 10%-იანი საპროცენტო განაკვეთიდან სრულ თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში კომპანიას არ მოუწევს საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული ხარჯის გაღება.
კომპანია „სეზანი“ სესხით ახალი დანადგარების ყიდვას, საწარმოო პროცესის გაუმჯობესებასა და წარმოების გაფართოებას აპირებს. სესხის თანხით დაგეგმილია შესაფუთი მასალების (კრაფტის ქაღალდის ჩანთების, ქაღალდის ჭიქების, პლასტმასის თავსახურების და სწრაფი კვების ინდუსტრიაში გამოყენებადი სხვა მასალების) წარმოება. დღემდე ეს პროდუქცია საქართველოში სრული სპექტრით არ იწარმოება და თითქმის მთლიანად იმპორტირებულია.
შპს „სეზანი“ გეგმავს ახალი, 16,000 კვ. მეტრის საწარმოო ფართის მშენებლობას და ორივე პროექტის საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 4 000 000 აშშ დოლარს.
შესაფუთი მასალების წარმოება მდებარეობს ქ. თბილისში და გაფართოების შედეგად სავარაუდოდ დასაქმდება დამატებით 30-ზე მეტი ადამიანი. ახალი დანადგარების საწარმო პროცესში ჩართვა 2015 წლის აპრილიდან იგეგმება.
შპს „სეზანი” უახლესი პოლიგრაფიული დანადგარებით აღჭურვილი, ერთ-ერთი წამყვანი ტიპოგრაფიული საწარმოა კავკასიის რეგიონში. კომპანიაში დანერგილია ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ISO 9001:2008, საწარმოში დღემდე დასაქმებულია 95 თანამშრომელი. კომპანიის სპეციფიკა მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული ნაბეჭდი პროდუქციის წარმოებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები