ირაკლი შოთაძე : მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი ორგანოები დანაშაულებრივ სამყაროს არ ჩამორჩნენ

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ინიციატივითა და საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით, სასტუმრო „Holiday Inn“-ში, “მრგვალი მაგიდის” ფორმატში მეორე რეგიონალური შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად UNODC-ის, „ევროჯასტის“ და ეუთოს წარმომადგენლები, ასევე საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, აშშ-ს, შუა აზიის ქვეყნების (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი), აზერბაიჯანის და სომხეთის პროკურატურების, სამართალდამცავი ორგანოების და სასამართლო ორგანოთა წარმომადგენლები ესწრებიან. მონაწილეები „ორგანიზებული ჯგუფების მიერ ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულების გამოძიების დროს ელექტრონული მტკიცებულებების მოთხოვნისა და წარდგენის გამოცდილების გაზიარების“ შესახებ მსჯელობენ. ღონისძიება საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ გახსნა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა მუდმივ მზადყოფნაშია ხელი შეუწყოს ორგანიზებული ჯგუფების მიერ ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებას. „მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ ჩამორჩნენ დანაშაულებრივ სამყაროს და დანაშაულთან ბრძოლის პროცესში განავითარონ ახალი ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენების უნარჩვევები“ – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მეორე რეგიონალური შეხვედრა 11 დეკემბრამდე გაგრძელდება და მისი მიზანია გამოცდილების გაზიარება ელექტრონულ მტკიცებულებათა მოპოვებასა და პროცესუალურ დამაგრებასთან დაკავშირებით; ასევე ხსენებულ საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარებების ეფექტურად აღმოჩენის გზებისა და საშუალებების დახვეწა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები