სააკაშვილზე ძებნის გამოცხადების თხოვნით პროკურატურამ ინტერპოლს მიმართა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, ინტერპოლს, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით მიმართა, თუმცა, ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია. ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ველოდებით გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე ინტერპოლს შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს“, – განაცხადა შოთაძემ.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ოთხ საქმეზე აქვს წარდგენილი. 7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შუეფარდა. სააკაშვილზე ქვეყნის შიგნით ძებნა უკვე გამოცხადებულია.