„ზამთრის პერიოდში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებს გათბობით უზრუნველსაყოფად 2 288 000 ლარი გადაეცათ”

  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, 2 წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოების ანგარიშის მიხედვით, მინისტრის აპარატის მთავარ მიმართულებას საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების დახმარება წარმოადგენდა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებს დახმარება არაერთი კუთხით გაეწიათ.
„2013 წლიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლების დახმარებაა. აპარატმა შეასრულა წამყვანი როლი მავთულხლართებისა და სხვა წინაღობების აღმართვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათზე შემდგომ რეაგირებაში. 2013 წელს ჩვენი აპარატის ხელმძღვანელობით უწყებათშორისმა სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა გამყოფ ხაზთან მდებარე გორის, ქარელის, კასპისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების 77 სოფელში არსებული მდგომარეობა და შეიმუშავა საჭიროებათა შეფასების დოკუმენტი.
საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 4 ოქტომბერს შექმნა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია, რომლის თანათავმჯდომარეა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად. კომისიის წევრები პირადად ჩავიდნენ გამყოფი ხაზის მიმდებარე 48 სოფელში და შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას.
– ზამთრის პერიოდში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში (გორის, კასპის, ონის, საჩხერეს, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები) მცხოვრები პირების გათბობით უზრუნველსაყოფად 11 440 ოჯახსს (50 სოფელი) გადაეცა 200 ლარი, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 2 288 000 ლარი;
– გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული ოჯახების 471 სტუდენტს, რომლებიც ჩარიცხული არიან ბაკალავრიატის და მაგისტრატურის პროგრამებზე, დაუფინანსდათ 2013-2014 სასწავლო წლის სწავლის საფასური. განათლების სამინისტროს წარდგინებით კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2014-2015 წლებში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლა კვლავ დაფინანსდეს;
– სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდათ და საკომუნიკაციო საშუალებებით აღიჭურვენ სკოლები, განახლდა სასკოლო ბიბლიოთეკები, პერსონალს და მოსწავლეებს დაურიგდათ კომპიუტერები და ბუკები; განხორციელდა 600-ზე მეტი მოსწავლის სასკოლო ტრანსპორტით უზრუნველყოფა;
– სოფ. აბანოში აშენდა თანამედროვე საჯარო სკოლა, რომელიც გათვლილია 90 მოსწავლეზე;
– 9 სოფელში მოეწყო სასმელი წყლის ჭაბურღილები;
– უმეტეს სოფლებში გაიმართა საირიგაციო სისტემა;
– მიმდინარეობს 58 სოფლის (13,375 კომლი) გაზიფიცირება, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოიყო 19 მლნ. ლარი. გაზიფიკაციის სამუშაოები უკვე დასრულდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების უმრავლესობაში (16 სოფელში), ხოლო დანარჩენში სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს; – აშენდა 20 ამბულატორია;
– გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სრულდება კლინიკის მშენებლობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება და პაციენტებს წლის ბოლოდან მოემსახურება;
– ჩატარდა საავტომობილო გზების რეაბილიტაცია;
– განხორციელდა სამუშაოები გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა დადგენისა და ქონების რეგისტრაციის მიმართულებით.
კომისიის ფარგლებში დაზარალებული მოსახლეობის აქტუალური პრობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად მუშაობდა დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, კერძოდ გაიმართა შეხვედრები ევროკავშირის, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატის (UNHCR), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), იაპონიის საელჩოს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან.
სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შექმნა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის გაავრცელა ბროშურა და დოკუმენტური ფილმი, რომელიც დეტალურად ასახავს ბორდერიზაციის უარყოფით შედეგებს. შედეგად, UNHCR-ის მიერ 1311 მოწყვლად ოჯახზე გაიცა 500 ლარის ოდენობის ფულადი დახმარება, ხოლო 700-ზე მეტ ოჯახს მიეწოდა ზამთრის პერიოდში თბოიზოლაციის საშუალებები.
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ძალისხმევით განხორციელდა ეკონომიკური პროექტები; შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დახმარებით მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია. შიდა ქართლის მოსახლეობის დასახმარებლად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ახორციელებდა მიკროეკონომიკურ პროექტს, რომლის ფარგლებში გაიცემა ფულადი გრანტებიც. ევროკავშირის და გაეროს დახმარებით სოფელ დვანში მოხდა საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია”, – აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები