თავდაცვის სამინისტროს პასუხი სააკაშვილს: ყოფილი უმაღლესი მთავარსარდლის მოწოდება მიმართულია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

  მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ ქართველი ოფიცრები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იმსახურებენ, უკრაინის მოქალაქეობას მიიღებენ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებით პასუხობს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეიარაღებულ ძალებში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც ქართველმა ოფიცრებმა ქვეყანა დატოვეს და სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში დაიწყეს სამსახური. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყოფილი უმაღლესი მთავარსარდლის მოწოდება არის უპასუხისმგებლო პროპაგანდა, რომელიც მიმართულია საკუთარი ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ.
„ექსპრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქართველი ოფიცრები მზად არიან დატოვონ საქართველოს შეიარაღებული ძალები და სამსახური გააგრძელონ სხვა ქვეყანაში, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. შეიარაღებულ ძალებში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც ქართველმა ოფიცრებმა დატოვეს ქვეყანა და სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში დაიწყეს სამსახური.
ჩვენი ინფორმაციით, უკრაინაში იმყოფება საქართველოს რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც წლების წინ მსახურობდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ამჟამად, შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არ ირიცხებიან.
ქართველ ოფიცერთა შემადგენლობა ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენი ოფიცრები, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების სანაცვლოდ არ შეწყვეტენ საკუთარი სამშობლოს, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას. ისინი იცავდნენ და ყოველთვის დაიცავენ საქართველოს.
მაშინ, როდესაც თვალნათლივ გამოხატულია თავდაცვის სამინისტროს უცვლელი კურსი ნატოსკენ, მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი, მაღალი დონის შეხვედრები, ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობა და საზოგადოება. ყოფილი უმაღლესი მთავარსარდლის მოწოდება არის უპასუხისმგებლო, გაუმართლებელი პროპაგანდა, რომელიც მიმართულია საკუთარი ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ქართველ ოფიცრებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იმსახურებენ, უკრაინის მოქალაქეობას ჰპირდებიან.
“უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ქართველი ოფიცრები, რომლებიც გადაწყვეტენ უკრაინის არმიაში მოღვაწეობას, ყველა მიიღებს უკრაინის მოქალაქეობას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრს დაუნიშნეს მოადგილე ბურჯანაძის პარტიიდან, ვფიქრობ, ბევრ ქართველ ოფიცერს სხვა გამოსავალს არ უტოვებენ, თუ არა, წავიდნენ და გააგრძელონ სამსახური მეგობრულ უკრაინაში, რომელიც იბრძვის იმ ომში, რომელიც საქართველოს მტრებთან ომია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები