მართვის მოწმობის აღების მსურველთა ნაკადი არ წყდება – რა ხდება მომსახურების სააგენტოში
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რიგებია. ხალხმრავლობა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარების მსურველთა დიდმა ნაკადმა გამოიწვია. როგორც რიგში მდგომი მოქალაქეები აცხადებენ, მათ სურთ, რომ გამოცდა 15 დეკემბრამდე, ახალი 3D ბილეთების შემოღებამდე მოასწრონ. მათი თქმით, ახალი ბილეთები გამოცდის ჩაბარებას გაართულებს. მომსახურების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ბილეთები არ გართულებულა. მათი განმარტებით, ახალ ბილეთებში დახვეწილია როგორც კითხვის შინაარსი, ასევე ფორმა და ვიზუალური მხარე, გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები.
მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ყველა სტრუქტურულ ერთეულში მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე განცხადების მიღება ნაცვლად 16:30 საათისა იწარმოებს 15:00 საათამდე, რათა თითეულმა მსურველმა შეფერხების გარეშე შეძლოს პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა.