დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილის დანაბარებს იხსენებს
კოალიცია „ქართული ოცნება“ არჩევნებს ოდესმე აუცილებლად წააგებს, მაგრამ არა ამ არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გადაცემაში „პოზიცია“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისას მისი ერთ-ერთი ბოლო დანაბარებიც გაიხსენა. „მოვა დრო და კოალიცია „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამარცხდება. როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როგორც პოლიტიკური ლიდერი, პოლიტიკურ გუნდს გვემშვიდობებოდა, და გვქონდა შეხვედრა პოლიტსაბჭოს ფორმატში, მისი ერთ-ერთი ბოლო დანაბარები იყო ასეთი – მაშინ ვიქნები პოლიტიკურად ბედნიერი და ჩავთვლი, რომ რაც მინდოდა, ის მოხდა, როდესაც თქვენ, ვისაც ახლა გიყურებთ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში დამარცხებულებს გნახავთ. მაშინ ჩავთვლი, რომ მოვედი და გავკეთე ის, რისი გაკეთებაც მინდოდა“, – განაცხადა უსუფაშვილმა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა იფიქროს, რომ ერთ მაჟორიტარულ ოლქში, ან ერთი მერის არჩევნებში წაგებით მათი ჩამოშლა დაიწყება. „ამ ტიპის ფსიქოლოგიამ, ფილოსოფიამ და ხედვამ ჩვენი კოლეგები „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიიყვანა სადამდე? ზუსტად ასე ფიქრობდნენ, რომ თუ საკრებულოში ორ მესამედზე ნაკლები იყო მათი უმრავლესობა, მაშინ წავიდოდა პროცესები, შემდეგ გამგებელი შეიცვლებოდა, და თუ ეს ერთ რაიონში მოხდებოდა, ამას ექნებოდა ჯაჭვური რეაქცია“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ თუ სადმე აღმოჩნდა უფრო ღირსეული კანდიდატი და ხალხმა ჩათვალა, რომ ის იქნება უკეთესი წარმომადგენელი საკრებულოში ან უკეთესი მერი „ქართული ოცნებისთვის“, ეს მისაღებია. „ჩვენი კანდიდატები იქნებიან კონკურენტუნარიანი, ჩვენი კანდიდატები იქნებიან ძლიერნი, მე ყველას თანაბრად ვუსურვებ წარმატებას და გუნდის წევრები პოლიტიკური რესურსით დავუდგებით გვერდში, მაგრამ თუ გავყვებით იდეაფიქსებს, რომ აუცილებლად ყველგან ჩვენ უნდა ვიყოთ, მაშინ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერს ერთად წავაგებთ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.