3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების საერთაშორისო დღე აღინიშნება

        3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებები საქართველოშიც იმართება, ასე იქნება ამჯერადაც. მეტიც, წელს ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებების კვირეული ჩატარდება. მოგეხსენებათ, შეზღუდული შესაძლებლობების პირები როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც არიან დაკავებული სპორტული აქტივობებით, ამიტომ კვირეულის ფარგლებში არაერთი საინტერესო ინიციატივა იგეგმება სპორტული თვალსაზრისითაც. კერძოდ, რა სახის აქციები იგეგმება და რა ხდება, ზოგადად, ქართულ პარასპორტულ ცხოვრებაში, – ამის შესახებ პორტალი „კვირა“ პარაოლიმპიური მოძრაობსა და ასევე პარასპორტსმენთა კლუბის დამფუძნებელ – გიორგი წასიძეს, პარასპორტსმენებს, მკლავჭიდელ ბესიკ ლეკიაშვილსა და მოცურავე ნიკა თვაურს გაესაუბრა:

– გიორგი, მოკლედ მოგვიყევი, როდის ჩამოყალიბდა ქართული პარაოლიმპიური მოძრაობა და ვინ იყო პირველი სპორტსმენი, ვინც საქართველოს სახელით პარაოლიმპიადაზე გამოვიდა?
გიორგი წასიძე: – საქართველოში პარაოლიმპიურმა მოძრაობამ საკმაო დაგვიანებით აიდგა ფეხი, 2007 წლის დასაწყისამდე ჩვენს ქვეყანაში გარკვეული პარასპორტული აქტივობები შეინიშნებოდა, თუმცა ოლიმპიურ სახეობებში პრაქტიკულად ორგანიზებული შეჯიბრებები არ ტარდებოდა, ამ დროს კი უკვე ჩვენს მეზობელ იგივე აზერბაიჯანს არამცთუ პარაოლიმპიადის მონაწილეები, არამედ ოლიმპიური ჩემპიონებიც კი ჰყავდა.
პარაოლიმპიადაზე პირველი ქართველი, 2008 წელს პეკინში გამართულ პარაოლიმპიადაზე გამოვიდა. ეს ადამიანი პარაძალოსანი წოლჭიმში იაგო გორგოძე იყო.10407426_1004787066203950_9140467714051041829_n
– ბესო, შენ 2013 წლის საქართველოს საუკეთესო პარასპორტსმენი ხარ, თუმცა მიმდინარე წელს კიდევ უკეთესი შედეგები აჩვენე და შენს სახეობაში მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვე, გვიამბე სპორტში შენი პირველი ნაბიჯების შესახებ?
ბესო ლეკიაშვილი: – 90-იანი წლების დასაწყისში ფეხზე სერიოზული ტრავმა მივიღე, რამაც ჩემი შესაძლებლობები შეზღუდვა გამოიწვია. ძალიან დავსუსტდი და თავიდან ვარჯიში იმისთვის დავიწყე, რომ მოვძლიერებულიყავი. თუმცა შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, რომ მალე მკლავჭიდში არა პარასპორტსმენებს შორის, არამედ აბსოლუტურ პირველობაზე მივაღწიე წარმატებებს. ამას უკვე მოყვა პარასპორტულ შეჯიბრებებში ჩემი ჩართვა და მსოფლიო ჩემპიონობა ჩემს წონაში უკვე მესამედ მოვიპოვე, რასაც მართლა ვერასოდეს ვიოცნებებდი.
– ნიკა, შესაძლებლობლები შენც 90-იან წლებში შეგეზღუდა, თანაც ძალიან მძიმე ტრავმებით, როგორ მოახერხე სპორტში წარმატებებისკენ სვლა?
ნიკა თვაური: – 16 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს სიახლოვეს საბრძოლო მოწყობილება აფეთქდა და ორივე თვალში აბსოლუტურ სინათლესთან ერთად, მარჯვენა ხელის მტევანიც დავკარგე. ასეთ ვთარებაში პრაქტიკულად ძალიან სერიოზულად შემეზღუდა ყველა გატაცების თუ დროის გაყვანის შესაძლებლობა. უცებ გადავწყვიტე, რომ ცურვა დამეწყო და ჩემს მშობლებს ვთხოვე ჰენრი კუპრაშვილთან მივეყვანე, რომელმაც ყველაფრის გათვალისწინებით უარი არ მითხრა და ყველანაირად დამეხმარა, რომ არამცთუ გატაცების დონეზე შემძლებოდა ცურვა, არამედ მალე საერთაშორისო პირველობებზე მოვახერხე მედლის აღება.
shezguduli
– თურქეთში შენ მიერ მოპოვებული პირველი ბრინჯაო, ზოგადად, დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში, საცურაო სახეობებში პირველი მედალი იყო, ალბათ, ეს იყო სტიმული მომავალი წარმატებებისთვის?
ნიკა თვაური: – ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ის მედალი, შეჯიბრებაზე ცურვის გამოცდილებაც არ მქონდა, ისე გამოვედი მაშინ და როდესაც გამოაცხადეს, რომ მესამე ადგილზე გავსულვარ, თავი სიზმარში მეგონა. ამ წარმატების შემდეგ საქართველოში 2011 წელს პირველად მოხდა საუკეთესო პარასპორტსმენის გამოვლენა და ეს პატივი მე მერგო.
– გიორგი, ნიკას წარმატებულ კარიერას რამდენად ივარაუდებდი მაშინ, როდესაც მან პარასპორტში პირველი ნაბიჯები გადადგა?
გიორგი წასიძე: – ნიკამ პირველივე დღიდან დაგვანახა, რომ უდიდესი მონდომების შედეგად ყველაფრის მიღწევა შეიძლება. მან ახსენა პირველი მედალი, რის შემდეგაც იყო ლონდონის პარაოლიმპიადაზე მისი საუკეთესო შედეგი, რასაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული წარმატებები მოყვა. დღეს გამოქვეყნებული რეიტინგებით კი 200 -მეტრიან დისტანციაზე მსოფლიოში მეოთხე ნომრად ითვლება, 50-მეტრიანში მე-7 შედეგი აქვს, ხოლო 100 მეტრზე ცურვაში მეთოთხმეტეა, რაც გვაძლევს იმის დიდ იმედს, რომ 2016 წლის პარაოლიმპიადაზე პირველი ქართული მედლებისთვის ვიბრძოლოთ.
– წელს შესაძლებლობა შეზღუდულ პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად რა სახის ღონისძიებები იგეგმება?
გიორგი წასიძე: – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ამ დღისადმი მიძღვნილ სპორტულ აქტივობებს ქუთაისი მასპინძლობს. ჩვენი კლუბის პარასპორტსმენები მიწვეული არიან იქ დაგეგმილ შეჯიბრებებში და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ღონისძიება გამოვა. იმის გარდა, რომ ეს შეჯიბრება სპორტული თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი და ჩვენი პარასპორტსმენები გამოცდილებასაც გაიმდიდრებენ, ზოგადად, ასეთი აქტივობები სხვა კუთხითაც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, შშმ პირთა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქუთაისში იასპარეზებენ პარაძალოსნები, ვისი იმედიც მომავალ საერთაშორისო პირველობებზეც გაქვთ?
გიორგი წასიძე: – დიახ, შემიძლია გამოვყო დეა ერემაშვილი და დათო ქობალია, რომლებმაც არც ისე დიდი ხანია, რაც დაიწყეს ვარჯიში, თუმცა უკვე საგრძნობ პროგრესს მიაღწიეს. დათომ უკვე რამდენიმე საერთაშორისო ტურნირშიც მიიღო მონაწილეობა და მისი შედეგები ნამდვილად გვაძლევს იმედს, რომ პარაოლიმპიადის ამ პრესტიჟულ სახეობაში ლიცენზიებისთვის ვიბრძოლებთ, ასევე მინდა განსაკუთრებით გამოვყო დეა ერემაშვილი, ეს გოგონა იმდენად მონდომებულია, რომ მჯერა, ის გახდება პირველი წარმატებული ქართველი ქალი ძალოსანი და ასევე პირველი ქალი პარასპორტსმენი, რომელიც შესაბამის ოლიმპიადაზე გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები