სახალხო დამცველი მთავარ პროკურატურასა და შს სამინისტროს მიმართავს

 

საქართველოს სახალხო დამცველი შშმ სტატუსის მქონე აღსაზრდელის დედას შეხვდა. უჩა ნანუაშვილის უწყებამ აუტიზმით დაავადებული 4 წლის ბიჭის საქმის მასალები მთავარი პროკურატურიდან და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოითხოვა.
როგორც „კვირას“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების დაცვის ცენტრში 2014 წლის 16 ოქტომბრიდან მიმდინარეობს საქმისწარმოება თბილისის ერთ–ერთ კერძო სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში შშმ სტატუსის მქონე აღსაზრდელის მიმართ სავარაუდო ძალადობის (ცემის) შესახებ.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, სახალხო დამცველის რწმუნებულები სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში შეხვდნენ ბავშვის აღმზრდელ–პედაგოგებს, ხოლო სახალხო დამცველის ოფისში უჩა ნანუაშვილი პირადად შეხვდა ბავშვის დედას.
სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის (ცემა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაიკითხნენ მოწმეები, დაინიშნა და ჩატარდა ტრასოლოგიური და სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზები, თუმცა სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირის მიმართ დაწყებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის – დედის განცხადებით, საქმისწარმოების არც ერთ ეტაპზე არ მომხდარა ფსიქოლოგის ჩართვა. ასევე, გაჭიანურდა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გონივრულ ვადაში წარმართონ გამოძიება და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა თავიდან იქნეს აცილებული გამოძიების გაჭიანურება და დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება. ამავდროულად, საქმისწარმოების ყოველ ეტაპზე დაცული უნდა იქნეს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, ძალადობის მსხვერპლის ჭეშმარიტი ინტერესები.
სახალხო დამცველი აგრძელებს საქმის შესწავლას და დაკვირვებას გამოძიების მიმდინარეობაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები