რას ჰყვებიან მეზობლები გარდაცვლილ პოლიციელზე
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, პოლიციის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე მეზობლები საუბრობენ.
“ჩამოვედი ქვემოთ, კიბეებზე და ის ადიოდა მაღლა, ქაღალდის პარკი ეჭირა, ვკითხე, როგორ ხარ-მეთქი და კარგადო, მიპასუხა. მუშაობდა, ხელფასი, სამსახური ჰქონდა, კოლექტივიც კარგი ჰყავდა, კარგ მეგობრებში იყო, ძალიან კარგი ბიჭი იყო. ვიღაცას ტელეფონზე მოწყენილი ელაპარაკებოდა, ის არის საეჭვო, ბოლოს ვინ დაურეკა და რა უთხრა. ალბათ, ეს უნდა გაირკვეს “, – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, პოლიციის თანამშრომელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, პოლიციელი საკუთარ სახლში მარტო იმყოფებოდა, როცა მეზობლებმა იარაღიდან გასროლის ხმა გაიგეს.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილი საპატრულო პოლიციის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომელი იყო.