სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა ქართულ – უკრაინულ ურთიერთობას ხელს შეუშლის – სერგეენკო
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მისი უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნა მიუღებელია.
მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნა დიდ ჩრდილს მიაყენებს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობას.
“ამ თემაზე კომენტარი რომ არ გავაკეთო, არ შემიძლია. ბოლოს და ბოლოს, სერგეენკო ვარ გვარად და ცალსახად მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ორი მოძმე ქვეყნისთვის, საქართველოსა და უკრაინისთვის, რომელთაც პრაქტიკულად იდენტური გამოწვევები და პრობლემები აქვთ, თუ ასეთი გადაწყვეტილება ცალსახად იქნა რეალიზებული, არ შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის თანამშრომლობას. ალბათ, დიდ ჩრდილსაც მიაყენებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას“,-განაცხადა სერგეენკომ.
უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავოს.