„სახელმწიფომ შეცდომა არ უნდა დაუშვას და ექსპერიმენტები არ უნდა ჩაატაროს“

 

     „მოსმენების გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში უნდა დარჩეს, თუმცა, წინა მოდელისგან განსხვავებით, უნდა გაძლიერდეს გარე კონტროლის მექანიზმი“,- აღნიშნული განცხადება იურისტმა და სამართლის ექსპერტმა მერაბ ტურავამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი თქმით, უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის ბალანსი სწორედ სახელმწიფომ და სახელმწიფო უწყებამ უნდა დაიცვას. რაც შეეხება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ტურავას განცხადებით, ნებისმიერი მოდელის არსებობის შემთხვევაში არსებობს მისი ბოროტად გამოყენების საფრთხე, რისი დარეგულირებაც გარე კონტროლით გახდება შესაძლებელი.
იურისტმა პარლამენტში შესული ხმალაძის მომზადებული კანონპროექტი გააკრიტიკა. მისი თქმით, არცერთი ქვეყანა არ არსებობს, სადაც მარეგულირებელ კომისიას ჰქონდეს მოსმენების გასაღები. ექსპერტის განცხადებით, ეს საქართველოსთვის ექსპერიმენტი იქნება, რომლის წარუმატებლობის შემთხვევაში დარტყმის და საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მარტო ჩვენი სახელმწიფოს, არამედ რეგიონალური უსაფრთხოებაც.
„ კერძო კომპანიების ხელში გასაღების არსებობის პირობებში მსოფლიოში რამდენიმე გახმაურებულ ფაქტს ჰქონდა ადგილი, როდესაც უსმენდნენ პრემიერებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და ასე შემდეგ. კერძო კომპანიების ხელში გასაღების არსებობა არ არის მაინც ბოლომდე ის ეფექტიანი სისტემა, რომლითაც შეიძლება უზრუნველყოფილი იქნეს, ერთის მხრივ, პიროვნების პირადი თავისუფლება და, მეორე მხრივ, სახელმწიფოს უსაფრთხოება. ბევრი ძლიერი და წარმატებული ქვეყანაა იმ ქვეყნების რიგებში, სადაც შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებს აქვთ ე.წ. გასაღები და საკუთარ თავზე აქვთ აღებული როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოების, ისე პირადი თავისუფლების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა. არც ეს სიტემა არ არის იდეალური, ყოველთვის არსებობს ნებისმიერი სისტემის პირობებში უფლებების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა, თუმცა დეპუტატთა ერთი ჯგუფის – ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ წარმოდგენილი მოდელი ყველაზე სწორად ასახავს როგორც საქართველოს რეალურ სიტუაციას, ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. ამ მოდელის მიხედვით ერთი გასაღები შსს-ში იქნება, მაგრამ შსს-ს მიერ რომ არ მოხდეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, აუცილებლად უნდა არსებობდეს გარე კონტროლის მექანიზმი. ასეთად წარმოადგენილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ბალანსი უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის. თუ შსს მიერ უფლების ბოროტად გამოყენებას ექნება ადგილი, ასეთ დროს ჩვენ გვექნება ამაზე რეაგირების საშუალება. ეს შეიძლება მთელი რიგი ადამიანების პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისგების მიზეზი გახდეს. მე არ ვიცი არცერთი ქვეყანა, სადაც მარეგულირებელ კომისიას ჰქონდეს მოსმენების გასაღები. ეს იქნება, ჩემი აზრით, საქართველოსთვის ექსპერიმენტი, რომლის წარუმატებლობის შემთხვევაში დარტყმისა და საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მარტო ჩვენი სახელმწიფოს, არამედ რეგიონალური უსაფრთხოებაც. სახელმწიფომ შეცდომა არ უნდა დაუშვას და ექსპერიმენტები არ უნდა ჩაატაროს. ჩვენ კლასიკური გზით სიარული უნდა გავაგრძელოთ, რომელსაც სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ჰქვია. ძველი სისტემისგან განსხვავებით გარე კონტროლის მექანიზმი უნდა გავაძლიეროთ“,- განაცხადა მერაბ ტურავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები